ამსტერდამში შესული ტურისტული ლაინერების რაოდენობა განახევრდება

2028 წლისთვის ამსტერდამის პორტში შესული ტურისტული ლაინერები, დღევანდელთან შედარებით, განახევრდება. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

ეს ზომა ჭარბ ტურიზმთან ბრძოლის ნაწილია და ამსტერდამელების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ამსტერდამში ჩასული მდინარის საკრუიზო გემების რაოდენობა ბოლო ათი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. კერძოდ, თუ 2011 წელს პორტში 1,327 ლაინერი შევიდა, 2023 წელს მათი რაოდენობა უკვე 2,125 ერთულს შეადგენდა.

ამდენად, 2028 წელს ამსტერდამში შესვლის უფლება მხოლოდ 1,150 გემს მიეცემა.

მერიის დაანგარიშებით, ახალი წესი ტურისტების რაოდენობას წელიწადში 271,000 ადამიანით შეამცირებს. შედეგად ქალაქში ნაკლები საცობი იქნება და ქუჩებში მოქალაქეების შემაწუხებელი ტურისტული თავყრილობები აღარ გაიმართება.

ცნობისთვის: 2023 წლის დეკემბერში მერიამ ზომების მთელი პაკეტი მიიღო, როგორიც არის „ტურისტული“ საცხოვრებლების შემცირება და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სუვენირების მაღაზიების აკრძალვა. ამასთან, ახლახან ქალაქის მერიამ თავის ვებგვერდზე გაავრცელა განცხადება, რომ ამსტერდამში ახალი სასტუმროების მშენებლობას აღარ დაუშვებს.

“არანაირი ჭარბი ტურიზმი, არანაირი ახალი სასტუმრო და არაუმეტეს 20 მილიონი ტურისტული ღამისთევა წელიწადში,” - წერია განცხადებაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ