„კანონი შეგვიზღუდავს საშუალებას ვითანამშრომლოთ უცხოელ კოლეგებთან, მოვიძიოთ დაფინანსება და რესურსები მნიშვნელოვანი პროექტებისათვის“

„კანონი შეგვიზღუდავს საშუალებას ვითანამშრომლოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, მოვიძიოთ დაფინანსება და რესურსები მნიშვნელოვანი პროექტებისათვის,“ - ამის შესახებ მედიცინის მუშაკებისა და მეცნიერების წარმომადგენლების განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ისინი საქართველოს მთავრობას მიმართავენ.

მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მყოფი, ქართველი მეცნიერები და მედიცინის მუშაკები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებას. კრემლის მიერ შთაგონებული, ეს, რუსული კანონი ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ საფუძვლებს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და უმთავრეს ღირებულებას - თავისუფლებას. საფრთხე ემუქრება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, რომლისკენაც დიდი ხანია ვისწრაფით.

სოლიდარობას ვუცხადებთ ქუჩაში გამოსულ, ასი ათასობით ადამიანს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს. მათ, ვინც დღეს ხმამაღლა და დაუღალავად აპროტესტებს ქვეყნისათვის დამღუპველ რუსულ კანონს, რისთვისაც, ფიზიკურად უსწორდება სახელმწიფო მანქანა - ცრემლსადენი და მხუთავი აირით წამლავს საკუთარ მომავალს. ამის მიუხედავად, ხალხი მყარად დგას, თავდაუზოგავად იცავს საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს! ქედს ვიხრით, მათი გამბედაობის და შეუპოვრობის წინაშე, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში.

აღნიშნული კანონპროექტი არა მხოლოდ ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ ანგრევს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც, მსხვერპლად შეეწირება არაერთი თაობა და მისი მომავალი.

ჩვენ, მეცნიერებს და მედიკოსებს, კარგად გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა და მხარდაჭერა პროგრესის, ინოვაციებისა და კეთილღეობისათვის. აღნიშნული კანონი არის ფუნდამენტურად რეგრესული და ის შეაჩერებს უკლებლივ ყველა სფეროს განვითარებას, მათ შორის მედიცინისა და მეცნიერების. რუსული კანონი შეგვიზღუდავს საშუალებას ვითანამშრომლოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, მოვიძიოთ დაფინანსება და რესურსები მნიშვნელოვანი პროექტებისათვის. ხელს შეგვიშლის, უზრუნველვყოთ ჩვენი პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა, ჩვენი სტუდენტების მეცნიერების და ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებში დროული ჩართვა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ყური უგდოს ხალხის ხმას, სტრატეგიული პარტნიორების რჩევას და არ მიიღოს ქვეყნის ინტერესების შეუქცევადად დამაზიანებელი კანონი,“- ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვას ამ დროისთვის 101 პირი აწერს ხელს, თუმცა, ავტორების ცნობით, დოკუმენტზე ხელმოწერები გრძელდება.