მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განვითარებადი ბაზრების ზრდის ტემპების შემცირებისა და აშშ-ში წარმოების შემცირების ფონზე შეამცირა.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს გლობაური ეკონომიკური ზრდა 2,8%-ს შეადგენს, რაც 0,2%-ით ნაკლებია იანვრის პროგნოზზე. "გლობალური ეკონომიკური ზრდა კვლავაც არადამაკმაყოფილებელია", - განაცხადა მსოფლიო ბანკის ეკონომისტმა კოშიკ ბასუმ.

მსოფლიო ბანკის ვარაუდით, გლობალური მშპ-ის ზრდა 2016 წელს 3,3%-ს მიაღწევს, 2017 წელს კი 3,2%. გარდა ამისა, ბანკი ევროზონისა და იაპონიის ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

"ეკონომიკური ტემპები მნიშვნელოვნად შემცირდება ბრაზილიასა და რუსეთში, ასევე თურქეთსა და ინოდნეზიაში, რაც ევროპასა და იაპონიაში ზრდის დაჩქარებული ტემპების ფონზე მოხდება", - ნათქვამია ბანკის ანგარიშში.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, სხვადასხვა სირთულეები, რასაც მსოფლიო ეკონომიკა აწყდება, ნეგატიურად აისახება განვითარებადი ქვეყნების ზრდაზე. "ბევრი ამ ქვეყნის ეკონომიკა საკუთარი ზრდის შესაძლებლობების ზღვარს აღწევას, რადგან ამ ქვეყნებში არ ტარდება რეფორმები, რომელიც ბაზრის გახსნის, ბიზნესის წარმოების გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ზრდის შესაძლებლობას იძლევა. საჭიროა ტრილიონობით დოლარი, რათა გაფართოვდეს საავტომობილო ტრასები, სარკინიგზო მაგისტრალები, პორტები და სხვა ინფრასტრუქტურა", - ნათქვამია ბანკის ანგარიშში. მსოფლიო ბანკმა ასევე შეამცირა განვითარებადი ქვეყნების მშპ-ს ზრდის პროგნოზი. ბანკის ცნობით, 2015 წელს განვითარებად ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი 4,4% იქნება, 2016 წელს - 5,2%, ხოლო 2017 წელს 5,4%. "განვითარებადი ქვეყნები ფინანსური კრიზისის შემდეგ გლობალური ზრდის მთავარი ძალა იყო, თუმცა ახლა განვითარებადი ქვეყნები რთულ ეკონომიკურ გარემოს უპირისპირდებიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დახმარება გავუწიოთ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს, რომ ეს გარდამავალი პერიოდი უმტკივნეულოდ გადაიტანონ", - განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ იონგ კიმმა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, განვითარებადი ეკონომიკების ზრდა 2015 წელს სავარაუდოდ, 4,4% იქნება. მსოფლიო ბანკის დეკემბრის პროგნოზის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 4,8% იყო. "მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ზრდა მიმდინარე წელს 2,0% იქნება, 2016 წელს - 2,4%, ხოლოდ 2017 წელს 2,2%-ს შეადგენს", - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

bpn