პრიგოჟინის “კონკორდი” ქონებას ჰყიდის

ევგენი პრიგოჟინის კომპანიების ჯგუფი, “კონკორდი” სამზარეულო-ქარხნებს ჰყიდის. ინფორმაცია “კომერსანტმა” კომპანიის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში აღმოაჩინა, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა.

კერძოდ, ჯგუფის ერთ-ერთმა კომპანიამ, შპს “კვების კომბინატმა” ლენინგრადის ოლქის იანინოში მდებარე ფილიალი, “ჩრდილო-დასავლეთი” ანდრეი შოკინის RBE Group-ს მიჰყიდა. ქარხანა 2010 წელს გაიხსნა და დღეში მზა საკვების 100 ათას რაციონს აწარმოებს. საწარმოს მშენებლობა “კონკორდ ჯგუფს” 1,7 მლრდ რუბლი (18,7 მლნ დოლარი) დაუჯდა.

შოკინი, ასევე, “კონკორდის” სამთავრობო კონტრაქტების მნიშვნელოვან ნაწილს დაეუფლა.

მანამდე გამოცემა “ფონტანკა” წერდა, რომ პრიგოჟინის “კონკორდ ჯგუფის” ორმა კომპანიამ გენერალური დირექტორი შეიცვალა. კერძოდ, ევგენი პრიგოჟინის შვილის, პაველ პრიგოჟინის ნაცვლად კომპანიას პეტერბურგელი ვლადისლავ პისარენოკი ჩაუდგა სათავეში.

მეწარმეთა საზოგადოება “სპარკის” ცნობით, პისარენოკი კომპანიის ხელმძღვანელი 18 დეკემბერს გახდა, ხოლო ნოემბრის ბოლოდან კომპანიას ყოფილი მმართველის, ევგენი პრიგოჟინის შვილის, პაველის მინდობილობით მართავდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ