2023 წელს 10.5 მლრდ ლარის სახელმწიფო ტენდერი ჩატარდა -  რომელია ტოპ-10 შემსყიდველი უწყება

2023 წელს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერების მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება 10.5 მლრდ ლარი იყო - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების გასული წლის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ელექტრონული და კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 3.2 მილიარდი ლარით გაიზარდა და 9,319,247,729 ლარი შეადგინა, რაც სახელმწიფო შესყიდვების საერთო მოცულობის 88.8%-ია. 1,174,278,917 ლარი (11.2%) გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ. 2023 წელს, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება 10.5 მილიარდ ლარამდე იყო. აღსანიშნავია, რომ 2022 წელთან შედარებით გამარტივებული შესყიდვებით განხორციელებული ხელშეკრულებების ჯამური თანხა 6.2%-ით არის შემცირებული.

სტატისტიკის მიხედვით, ტენდერების მეშვეობით გაფორმებული ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების ჭრილში პირველ ადგილს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იკავებს 187 ხელშეკრულება დადებული ტენდერით, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 1.4 მლრდ ლარი შეადგინა.

მეორე და მესამე ადგილზე შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იკავებს.

2023 წელს „ტოპ 10“ შემსყიდველი ორგანიზაცია ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულებების მიხედვით:

  • საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი - 187 ტენდერი. ღირებულება 1.427 მლრდ ლარი;
  • საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - 102 ტენდერი. ღირებულება 773.955 მლნ ლარი;
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 107 ტენდერი. 743.813 მლნ ლარი;
  • საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო - 134 ტენდერი. 651.786 მლნ ლარი;
  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 42 ტენდერი. 610.747 მლნ ლარი;
  • საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო - 110 ტენდერი. 267.214 მლნ ლარი;
  • თბილისის მერია - 222 ტენდერი. 233.382 მლნ ლარი;
  • "საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემა 304 ტენდერი. 150.919 მლნ ლარი;
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური - 201 ტენდერი. 117.708 მლნ ლარი;
  • თბილისის სატრანსპორტო კომპანია - 213 ტენდერი. 112.974 მლნ ლარი.

ამასთან, შესყიდვების სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 32,076 ღია ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა 2023 წელს, საბოლოო სტატუსი მიენიჭა 30,812 ტენდერს და აქედან 22,950-ზე მეტი ხელშეკრულება გაფორმდა.