"ფრთხილად, არ უპასუხოთ შეკითხვებს, არ გადარეკოთ უკან - არსებობს დიდი თანხების ჩამოჭრის საფრთხე"

უცხოეთიდან შემომავალი ზარების შესახებ კიბერ სტრატეგიის კონსულტანტი, მკვლევარი ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის განმარტავს, ამგვარი ზარისას, ინფორმაცია არ უნდა გასცეთ: არ უპასუხოთ შეკითხვებს, არ მიაწოდოთ მონაცემები, არ გადარეკოთ უკან, ამასთან, არსებობს დიდი თანხების ჩამოჭრის საფრთხე.

"შემომავალი სატელეფონო ზარით ტელეფონში არსებული ინფორმაციის მოხსნის ალბათობა მინიმალურია. სრულიად იმიტომ არ გამოვრიცხავ, რომ კიბერში გამორიცხული არაფერია, თუმცა საყოფაცხოვრებო დონეზე ეს შეუძლებელია. "ერთხელ მერკელს სიაიეიმ დანიის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გავლით" შეიძლება, მაგრამ არა ჩვენ დონეზე.

ფრთხილად, ამგვარი ზარისას ინფორმაცია თქვენ არ უნდა გასცეთ: არ უპასუხოთ შეკითხვებს, არ მიაწოდოთ მონაცემები, არ გადარეკოთ უკან - არსებობს დიდი თანხების ჩამოჭრის საფრთხე.

მნიშვნელოვანია და არ აგერიოთ: სატელეფონოსგან განსხვავებით, აპლიკაციაში (ვაიბერი, ვათსაპი, ცუმ ბაიშპილ.) განხორციელებული უცხო ზარები არ არის უსაფრთხო ამ დროს ინფრომაციის მოპარვა ან ტელეფონის დავირუსება შესაძლებელია, ტექნოლოგიურად სხვა ზარია და ამიტომ. "ვათსაპში" ამგვარი შემთხვევები ცნობილია, ძალიან ცნობილიც კი , პეგასუსი, მაგალითად. ეს ხვრელი ამჟამად ამოქოლილია, მაგრამ რადგან ასეთი პრეცედენტი იყო, არ უპასუხოთ უცხო ზარს აპლიკაციებში.

ზარზე გაცილებით სახიფათოა სმს, ის შეიძლება შეიცავდეს მალვეარს, ვირუსს, მითუმეტეს, თუ ის გვთავაზობს ბმულზე გადასვლას ან რაიმე ფაილის ჩამოტვირთვას - აქ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მოქმედების (ბმულზე გადასვლა, ჩამოტვირთვა, ფაილის გახსნა) განხორციელების შემთხვევაში დამნაშავემ წვდომა მიიღოს თქვენს ტელეფონში არსებულ ინფორმაციაზე, პაროლებზე, მიმოწერაზე და სხვა",- წერს ანდრო გოცირიძე.

ნინი ქეთელაური