რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ მთავრობას წინადადებით მიმართა, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა დროებით შეაჩეროს. მინისტრთა კაბინეტი ამ ინიციატივას უახლოეს მომავალში განიხილავს. ამის შესახებ ვიცეპრემიერის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.
აკრძალვა მარტიდან მოქმედებს.
„ენერგეტიკის სამინისტრო გვთავაზობს, ბენზინის ექსპორტის დაშვების შესაძლებლობა განვიხილოთ, ოღონდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ შემდგომში დეფიციტი არ გაჩნდეს,“ – აცხადებს ნოვაკი.
მისი თქმით, რუსეთის ბენზინის ბაზარი მიწოდებით გადაჭარბებულია, ამიტომ მთავრობა ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებას უახლოეს მომავალში განიხილავს.
რუსეთში ბენზინის წარმოებამ კლება, მათ შრის, ნავთობის ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების თავდასხმების სერიის შემდეგ დაიწყო. თუმცა, “როსსტატის” მონაცემებით, 22-დან 28 აპრილამდე კვირაში ქვეყანაში ბენზინის წარმოება 4,5%-ით, 816,7 ათას ტონამდე, ხოლო დიზელის 3,7%-ით, 1,66 მლნ ტონამდე გაიზარდა. შარშანდელ 24-დან 30 აპრილამდე პერიოდში ბენზინის წარმოების მოცულობა უფრო დაბალი იყო. კერძოდ, ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა მაშინ 811,7 ათასი ტონა ბენზინი და 1,62 მილიონი ტონა დიზელი აწარმოეს.
ცნობისთვის: ფედერაციის მთავრობამ გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის ნიველირების მიზნით ბენზინის ექსპორტი 1 მარტიდან ექვსი თვის ვადით აკრძალა. ბენზიზე მოთხონა რუსეთში საზაფხულო შვებულებებისა და საველე სამუშაოების სეზონზე, ასევე, გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი რემონტის დროს იზრდება, რისი კომპენსირებაც ხდება საჭირო. შეზღუდვა არ ეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე, მონღოლეთს, უზბეკეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთს,
რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი 21 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით გასულ წელსაც აიკრძალა, რომ საავტომობილო საწვავის შიდა ბაზარზე ფასები დასტაბილურებულიყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ