ახალი BMW 7-series Mercedes-Benz S class-ის წინააღმდეგ

რას შეძლებენ ბავარიელები?

BMW-მ მე-7 სერიის უახლესი, რიგით მეექვსე თაობა წარმოადგინა.

სიახლის პრემიერა 10 ივნისს,  საღამოს ბავარიის შუაგულში, მიუნხენში, ბმვ-ს სამშობლოში გაიმართა.  ავტომობილზე, რომელიც Mercedes-Benz S class-ის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა, მისი შემქმნელები დიდ იმედებს ამყარებენ. (ცნობისათვის გასულ წელს ბმვ-მ, მოქმედი მოდელის 48,480 ერთეულის რეალიზება შეძლო მაშინ, როდესაც მისმა კონკურენტმა მასზე ორჯერ მეტის - 101,428-ის).

ახალ სედანში BMW-მ აქცენტი ავტომობილის სიმსუბუქეზე გააკეთა. ნახშირბოჭკოსა და ალუმინის წყალობით, ავტომობილის წონა მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ სიახლის ინტერიერი გადატვირთულია სხვადასხვა ფუნქციონალურად დატვირთული ”ნოუ-ჰაუთი”, სივრცის მიხედვით, ის მაინც ჩამორჩება კონკურენტს.

რაც შეეხება ექსტერიერს, გარეგნულად ახალი მოდელი ნამდვილად სჯობს მის წინამორბედს, თუმცა ბავარიელებმა ტრადიციას აქაც არ უღალატეს და მესამე სერიის წარმატებული დიზაინი მხოლოდ ზომებში გაზარდეს.  ”სოსისისა და ძეხვის” პრინციპს კომპანიაში დიდი ხანია მისდევენ და ამ მხრივ, მას კონკურენტებიც აყვნენ (ახალი Mercedes-Benz C class-იც გარეგნულად მხოლოდ ზომით განსხვავდება S class-სგან, “აუდის” მოდელების გარჩევისთვის კი უკვე სანტიმეტრი უნდა მოიმარჯვო).

რამდენად წარმატებული იქნება ბავარიელების სიამაყე და რამდენად გაუწევს ის კონკურენციას მის უშუალო მეტოქეს, ამაზე საუბარი ჯერ მკითხაობა უფრო იქნება, თუმცა მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციის, Automotive Industry Solutions-ის მკვლევარების აზრით, უკვე მომავალ წელს, როდესაც გაყიდვები სრულად “დაიქოქება”, ბმვ მე-7 სერიის 64,400 ერთეულის გაყიდვას შეძლებს, Mercedes-Benz S class-ი კი ლიდერობას შეინარჩუნებს და სრული წარმოების მესამე წელს 96,100-ს ერთეულს გაყიდის. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2017 წლიდან მერსედესი მისი ფლაგმანის ”ფეისლიფტს” აპირებს და ”მეფის” ტახტრევანზე ყოფნას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება.

კოკა კვირკველია, სპეციალურად საიტისთვის