"ეს კანონი ეხება თითოეული ჩვენგანის მომავლის უზრუნველყოფას - მთავრობა ახალ ავანტიურას იწყებს-საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურას ცვლის"

"ეს კანონი ეხება თითოეული ჩვენგანის მომავლის უზრუნველყოფას - მთავრობა ახალ ავანტიურას იწყებს-საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურას ცვლის",- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე "ფეისბუკ" გვერდზე წერს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს, კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა. აღნიშნულის თანახმად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში რიგი ცვლილებები იგეგმება, მაგალითად „საპენსიო სააგენტოს“ სახელი შეიცვლება „საპენსიო ფონდის“ დასახელებით. ამასთანავე, კანონპროექტის თანახმად იცვლება მმართველობითი სისტემა, კერძოდ, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად იქმნება ერთი ორგანო „მმართველობითი საბჭო“. აღნიშნული საბჭო განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვას, ასევე შეასრულებს საინვესტიციო და ადმინისტრაციულ/საოპერაციო ფუნქციებს.

"მთავრობა ახალ ავანტიურას იწყებს-საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურას ცვლის, საიდანაც პარლამენტის ნაცვლად მთავრობა აკომპლექტებს საბჭოს. ცვლილებები შედის ასევე საპენსიო თანხების ინვესტირების წესში. ეს გამოიწვევს რისკიან და არამომგებიან ბიზნესში თანხების განთავსებას. ამას თან ახლავს კორუფციის რისკის ზრდაც, რადგან ფული სახელისუფლებო ბიზნესების ( მაგ. სამშენებლო კომპანიების) დასაფინანსებლადაც შეიძლება წარიმართოს. ეს კანონი ეხება თითოეული ჩვენგანის მომავლის უზრუნველყოფას და არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას ამ ცვლილებების პარლამენტში გატანის შესაძლებლობა.ყველა კანონი, რასაც ბოლო პერიოდში ხელისუფლება იღებს, მმართველი პარტიის პოლიტიკურ და ფინანსურ მიზნებს ემსახურება",- წერს რომან გოცირიძე.

იხილეთ ასევე: მთავრობა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს აუქმებს - კიდევ რა იცვლება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში

ნინი ქეთელაური