„ჩემი პატარა კომპანიის მაგალითზე ვიტყოდი, რომ გაუქმებებიც უკვე დაწყებულია“ - ტურიზმის ანალიტიკის სპეციალისტი

ტურისტების ნაწილი საქართველოში ჯავშნებს აუქმებს. როგორც ტურიზმის ანალიტიკის სპეციალისტმა, ია თაბაგარმა რადიო პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, პოტენციური ინდივიდუალური ვიზიტორები ჩამოსვლამდე, მათივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებ-გვერდებზე ეცნობიან ქვეყანაში არსებულ ვითარებას და შესაბამის გაფრთხილებებსაც ითვალისწინებენ.

ია თაბაგარის თქმით, ახლა როდესაც ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში უნდა შედიოდეს, ვიზიტორების მხრიდან მომართვიანობა შემცირებულია.

შეგახსენებთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განხილვები ხმაურის, დაპირისპირების, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარების კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს.

„ყველა ნორმალური ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანი არის დაზღვეული აქვთ ძალიან მაღალი ხარისხის დაზღვევები, ვინც არ არის ჩამოსული ორგანიზებული ტურით და არის დამოუკიდებლად, ყველა განათლებული ადამიანი იხედება გაფრთხილებებში. ეს გაფრთხილებები იდება მათი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე, მათსავე ენაზე. ამაზე არავინ საუბრობს ხელისუფლების მხრიდან, რამდენად მნიშვნელოვანია რა ინფორმაცია იქნება იქ მიწოდებული. იქ არის სხვადასხვა დონეები, წითელი დონე არის, რომ საერთოდ არ წახვიდე ამ ქვეყანაში, კიდევ არის, რომ ფხიზლად იყავი, გარდა ამისა აღნიშნულია რეგიონები, სადაც საშიშია მოგზაურობა. ეს მუდმივად უნდა იყოს განხილვის საგანი, რა საკვირველია ხელისუფლების მხრიდან იმიტომ, რომ კერძო სექტორს ამის არც ცვლილებაზე და არც არაფერზე არ მიუწვდება ხელი. სწორედ ეს უნდა იყოს საქართველო საელჩოების სამუშაო. მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში რა სათქმელი აქვს საქართველოს საელჩოს, რომ დაამშვიდოს ან ინფორმაცია შეაცვლევინოს?! ფაქტობრივად არანაირი. ამიტომ ვამბობ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ჩემი პატარა კომპანიის მაგალითზე ვიტყოდი, რომ გაუქმებებიც უკვე დაწყებულია. დავუშვათ, უნდა ჩამოსულიყო ჯგუფი, მაისის ბოლოს, რომელიც შედგებოდა 15 ადამიანისგან, ამ 15-იდან 5-მა უკვე გააუქმა და ჯგუფები დაპატარავდა. ისინი არიან მაღალი რანგის ტურისტები და მათი განთავსების ადგილები ძირითადად არის ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე სასტუმროები, თუმცა არ გეგონოთ რომ დემონსტრანტების მიმართ არის რაიმე (პრეტენზია), რა საკვირველია ხალხი უნდა გამოვიდეს... ახლა როდესაც ტურისტული სეზონი ინტენსიურ ფაზაში უნდა შედიოდეს , მოგეხსენებათ, მთის გზებიც მალე გაიხსნება, აშკარად შემცირებულია როგორც მომართვა, ისე მოთხოვნა“,- განაცხადა ია თაბაგარმა.

ნინი ქეთელაური