ქართველმა ფერმერებმა ჩეხი კოლეგების გამოცდილება გაიზიარეს

ENPARD-ისა და People in Need-ის დახმარებით, ქართველმა ფერმერებმა ჩეხი კოლეგების გამოცდილება გაიზიარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ENPARD (ევროკავშირის სამეზობლო პარტნიორობა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის) ავრცელებს.

"ჩეხეთში ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ ხელიდან არ უშვებენ შემოსავლის მიღების უმცირეს შანსსაც კი, მე ვნახე ფერმერი, რომელიც ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილ შრატში, მაყვლის სიროფს ამატებს და ბრენდულ სასმელად ყიდის, წარწერით - საუკეთესოა თქვენი სახის კანისთვის და ქალბატონებიც აქტიურად ეტანებიან; ჩვენში კი შრატს ნარჩენად მიიჩნევენ და არხში ასხამენ, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ჯანმრთელობას და მათ შორის, კანსაც უხდება", - აცხადებს 47 წლის ბაღდათელი დავით მშვილდაძე, რომელიც ობჩაში თავისსავე სახელობის კოოპერატივს "მშვილდს" უძღვება და როგორც "ენპარდის" გრანტის მიმღები, ევროპული აგროწარმოების გასაცნობად ჩეხეთში მიიწვიეს.

ENPARD-ის ინფორმაციით, ამავე პროგრამით ჩეხეთს "ენპარდის" საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კიდევ შვიდი კოოპერატივის წევრები სტუმრობდნენ. ჩეხეთთან გაცნობის პროგრამა კი "ენპარდის" კონსორციუმის წევრის, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "People in Need"-ის ("ადამიანი გაჭირვებაში") ორგანიზებული იყო.  "ჩეხური გამოცდილების შეფასებები მსგავსია. განსხვავება ჩვენსა და ჩეხ ფერმერებს შორის აზროვნებასა და მიდგომებშია. ასეთი მონდომებითა და გულით რომ მუშაობდნენ ჩვენი ფერმერები, როგორც ჩეხეთში ვნახე, არანაკლები შედეგები გვექნება. სხვებიც ამ აზრზე არიან,"- აცხადებს 45 წლის გოდერძი შავგულიძე, სასათბურე კოოპერატივის "ქვიტირის" ხელმძღვანელი.

ბაღდათელი დავით მშვილდაძის უფროსი ვაჟი 16 წლისაა. ორიოდე კვირის წინ ევროპიდან დაბრუნებული მამის შეგონებით ჩეხურის სწავლას აპირებს, რომ პრაღის უნივერსიტეტში აგრობიზნესის ფაკულტეტზე ჩააბაროს. "მთავარია იცოდეს და სწავლა მერე იქ ძალიან იაფი ჯდება, წელიწადში სულ რაღაც 600 ლარი და თანაც როგორ სპეციალისტებს ზრდიან. ვოცნებობ იმაზე, რომ ჩემი შვილი ევროპული ცოდნით უკან დაბრუნდეს და ჩემი დაწყებული საქმე ახლებურად გააგრძელოს", - აცხადებს დავით მშვილდაძე.

დავით მშვილდაძის კოოპერატივში 5 წევრია, ერთიც წევრობის კანდიდატია, რომელმაც მეზობლების შემხედვარემ თავადაც კოლექტიური მუშაობა გადაწყვიტა და მზად არის საერთო საქმეში თავისი მიწის ნაკვეთი შემოიტანოს.  ENPARD-ის ინფორმაციით, "მშვილდს" მიწა ახალი პროექტისთვის სჭირდება. აქამდე თუ ვაზის ნერგები გამოჰყავდათ და ყიდდნენ, ახლა ფიქრობენ, რომ თავადაც გააშენონ ვაზი და ღვინის წარმოებაც დაიწყონ.

"ჩვენს ნერგებზე - ცოლიკაურზე, კრახუნაზე, ციცქასა და ოცხანურის საფერზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ბაზარზე ნერგი თუ საშუალოდ 3-4 ლარი ღირს, ჩვენ 5 ლარად ვყიდით, იმიტომ რომ ხარისხიანია და ყველა ჩვენი მომხმარებელი ამბობს, რომ ღვინოც საუკეთესო გამოსდით და ბიზნესიც, ჰოდა, ვთქვით, რატომ ჩვენ თვითონ არ გავაშენოთ საკუთარი ნერგები და დავაყენოთ ღვინო, აგერ ახალი წევრის წყალობით 2 ჰექტარი გვემატება და 3 წელიწადში საკუთარი ღვინოც გვექნება, ვფიქრობ, ეს მიმართულებაც გაამართლებს", - აცხადებს დავით მშვილდაძე და მიიჩნევს, რომ ამ გზით ბიზნესი კიდევ უფრო დივერსიფიცირებული გახდება.

ENPARD-ის ცნობით, ამავე გათვლით კოოპერატივს სიმინდი უკვე მოჰყავს და ბაზარში ნედლს ყიდის, რაც შემოსავლების 35%-ს იძლევა, ასე რომ, თუ რაიმე მიზეზით სანერგეში საქმე კარგად არ წავიდა, კოოპერატივს ალტერნატიული შემოსავალიც აქვს. "ენპარდის" გრანტი სანერგეს გადასაიარაღებლად გამოიყენეს, ევროპულ კონკურსში გამარჯვების ფაქტი კი ცალკე ბონუსია - "მშვილდს" სახელსა და პოპულარობას უზრდის.

ENPARD-ის ინფორმაციით, კოოპერატივმა "ქვიტირმა" კი "ენპარდის" გრანტით სამაცივრე საწყობი ააშენა და გოდერძი შავგულიძე ახლა მოგების გასამმაგებას ელოდება. ჩეხეთში მან თვალი სალათების ევროპულ ჯიშებს დაადგა და ახლა მათი ჩამოტანა უნდა, ესმის, რომ სანამ მომხმარებელი გაიცნობს და დააფასებს, ახალი პროდუქტი თავიდან რისკის შემცველი იქნება, თუმცა იცის, რომ დროთა განმავლობაში ადგილობრივ ჯიშებზე მეტ მოგებას მოუტანს. "ამ საწყობის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ფაქტობრივად, ირგვლივ ყველა ჩვენს კონკურენტს ვჯობნით იმით, რომ მწვანილი იქნება, კიტრი თუ პომიდორი, სეზონზე ერთიანად კი არ გავყიდით, როცა ფასები დაბალია, არამედ ნაწილს შევინახავთ და უფრო მაღალ ფასად უფრო მომგებიანად გავიტანთ მოგვიანებით ბაზარზე. გრანტით მაცივრის გარდა, მანქანა და ტრაქტორიც ვიყიდეთ, მოკლედ ყველაფერი გვაქვს, რაც საქმეს სჭირდება და ძალიან იმედიანად ვართ", - აცხადებს გოდერძი შავგულიძე.

ENPARD-ის ინფორმაციით, კოოპერატივს ერთიანად 8 ათას კვადრატულ მეტრზე აქვს სათბურები. 18 და 16 წლის ვაჟები გოდერძის გვერდში უდგანან და კოოპერატივის სხვა წევრებთან ერთად სათბურს გარდა კიდევ 7 ჰექტარ ღია გრუნტს ამუშავებენ, სადაც ნესვი მოჰყავთ. გეგმავენ ხილის ბაღის გაშენებასაც, რომ ბიზნესი მეტად დივერსიფიცირებული გახდეს.

ENPARD-ის ინფორმაციით, ჩეხეთში მოგზაურობიდან სხვა კოოპერატივები კონკრეტული შედეგებითაც დაბრუნდნენ. "ლელოს" ხელმძღვანელი, მამუკა ვაშაკიძე გოჩა ჯიხაიშიდან, უკვე ამ ზაფხულს ჩეხეთიდან ჰოლანდიური ყველის სპეციალისტებს ელოდება, დაჰპირდნენ ჩამოვალთ და გასწავლით დამზადებასო, ეს კი "ლელოს" მოგებას რამდენჯერმე გაუზრდის. 10 წევრიან კოოპერატივში ამჟამად სულგუნს, იმერულ ყველსა და ნადუღს ამზადებენ და ხონში, სამტრედიასა და ბათუმში ყიდიან. დღეში ამჟამად 300 ლიტრ რძეს ამუშავებენ, თუმცა "ენპარდის" გრანტის ნაყიდი საწარმოს წარმადობა 1.5 ტონაა, რაც განვითარების დიდ პერსპექტივას იძლევა.

ENPARD-ის ცნობით, "ლელოს" წევრებს 20 ძროხა ჰყავთ, თუმცა საძოვარი ჭირს და სურთ, რომ პირუტყვი ბაგურ კვებაზე გადაიყვანონ, თან ხელოვნური განაყოფიერებით დაამაკონ და ევროპული შვიცის ჯიშის ხბორიც დაიმატონ.

ჩეხეთიდან ერთი თვის დაბრუნებულ გივი ჩუბინიძეს კი კოოპერატივში ჩეხეთის ელჩი ესტუმრა, "მეღვინეობა საზანოს" ვენახი და მარანი დაათვალიერა, ღვინოც დააჭაშნიკა და მეღვინეებს დიპლომატიური ღონისძიებებისთვის ღვინის დიდი პარტიის შეძენასაც დაჰპირდა.

ENPARD-ის ინფორმაციით, გივი ჩუბინიძის კოოპერატივში ტრადიციულად ყველა წევრი კაცია, მეღვინეობას ქალის საქმედ ჯერ კიდევ არ აღიქვამენ, თუმცა 39 წლის გივი შედარებით ახალი თაობაა, და საქმეში მეუღლეც ჩართული ჰყავს, მართალია, არა მარანში, არამედ საგარეო ურთიერთობებში ეხმარება, ინგლისურის სპეციალისტია და ეს კოოპერატივს ევროპელი მომხმარებლის მოძიებას უადვილებს. მისი დახმარებით გააფორმეს ხელშეკრულება პოლონურ სასტუმროსთან და მალე ღვინოსაც მიაწვდიან.

"მეღვინეობა საზანო" ახალი კოოპერატივია, ნოემბერში შეიქმნა და წელს, შემოდგომაზე საერთო ღვინოსაც პირველად დაწურავენ, ბრენდის სახელიც მოფიქრებული აქვთ - "ჯუშისპირული", სოფლის მდინარე ჯუშის საპატივცემულოდ. მდინარის ხეობა შამპანური ჯიშის ყურძნით არის რაიონში ცნობილი და კოოპერატივიც სამომავლოდ შუშხუნა ღვინის წარმოებასაც გეგმავს, ერთ-ერთ წევრს თავის ნაკვეთში ბუნებრივი გამოქვაბული აქვს და შამპანურ ღვინოსაც ფრანგული წესით იქ დააყენებენ ბუნებრივად. ბიზნესის დივერსიფიკაციაზე "საზანოშიც" ზრუნავენ: "შამპანურსა და ქვევრის შედარებით ძვირ ღვინოსთან ერთად, უფრო იაფ, ევროპული წესით, ცისტერნებში დაყენებულ ღვინოსაც ჩამოვასხამთ და ადგილზევე ქორწილებისთვის გავყიდით, ლიტრს 3-4 ლარად, მაშინ როცა ქვევრის ღვინოს გაყიდვას 15 ლარად ვგეგმავთ. სწორედ ამაში დაგვეხმარა "ენპარდის" გრანტი – ცისტერნებიც ვიყიდეთ, საწურიც და ყველა სხვა დანარჩენი მოწყობილობა მასობრივი წარმოებისთვის", - აცხადებს გივი ჩუბინიძე.  ამასთან, კოოპერატივი პატარა, 20 ნომრიანი სასტუმროს აშენებასაც გეგმავს, ტურისტთა გასართობად კი სადემონსტრაციო ბაღი უკვე გააშენა.