მეგობრების მიერ დაწყებული საქმე - როგორ გახდა “ნექსია” საერთაშორისო აუდიტორული ქსელის წარმომადგენელი საქართველოში

ყველაფერი 11 წლის წინ, ორი მეგობრის ერთი ჩვეულებრივი, რიგითი შეხვედრიდან დაიწყო, იდეა ვისკის მირთმევისას გაჩნდა და ზუსტად ერთ წელიწადში „ნექსიაც“ დაიბადა. დღეს ქართული „ნექსია“ გლობალური Nexia-ს წარმომადგენელია საქართველოში.

კომპანიის ისტორიაზე, ქვეყანაში არსებულ საგადასახადო სისტემებზე, გამოწვევებზე დარგში - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გდაცემაში "სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან" Nexia TA-ს დამფუძნებლებმა და მმართველმა პარტნიორებმა დავით ლომიძემ, ბორის მეგრელიშვილმა, გელა მღებრიშვილმა და დავით მამრიკიშვილმა ისაუბრეს.

დავით ლომიძე და ბორის მეგრელიშვილი Nexia TA-ს დამფუძნებლები და Nexia TA-ს მმართველი პარტნიორები:

- შეიძლება ითქვას, რომ Nexia TA-ს პირველი დამფუძნებლები ხართ და შესაბამისად, მაინტერესებს საიდან დაიწყო ეს ისტორია, რა იყო ინსპირაცია და როგორ გახდით მსოფლიო ხუთეულში მყოფი ბრენდის წარმომადგენლები საქართველოში...

დავით ლომიძე: ჩვენი ისტორია დაიწყო ათი წლის უკან, როცა მე და ბორისი ვისხედით ჩემთან სახლში, ვისკის მივირთმევდით და ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე. ჩვენ პირადად დიდი გამოცდილება გვქონდა ბუღალტერიის და აუდიტის სფეროში, თუმცა ინდივიდუალურად, მანამდე გარკვეული საერთო პროექტებიც გვქონდა, რომლებიც ერთობლივადაც განგვიხორციელებია და ვთქვით, რომ მოდი გავაერთიანოდ ჩვენი ძალები, კომპანია დავაფუძნოთ და შევუდგეთ უფრო სერიოზულად ამ ყველაფერს.

პირველი ჩვენი ოფისი იყო იოსებიძეზე, ვიქირავეთ 500 ლარად ბინა და იქ ავიყვანეთ პირველი ბუღალტერი და მას ავუყვანეთ დამხმარეები, აქედან დაიწყო ეს ყველაფერი, მერე უკვე ნელ-ნელა ეს ყველაფერი გაიზარდა და გავხდით ამ გლობალური ქსელის, „ნექსიას“ წარმომადგენლობა საქართველოში. შემდეგ ამ ყველაფერმა მასშტაბური ხასიათი მიიღო და როგორც ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკის რეგიონში მუდმივად ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ვიყავით ჩვენ - „ნექსიას“ ქართული ოფისი, ასევე თვითონ ჩვენც შიდა „ნექსიას“ გარდა საქართველოშიც გამორჩეული ვიყავით სწრაფად ზრდით. სულ რაღაც ათი წელია, რაც ვმოღვაწეობთ და ერთ-ერთ მოწინავე კომპანიად ჩამოვყალიბდით საერთაშორისო ბრენდებს შორის ქართულ აუდიტორულ ბაზარზე.

- ბორის მე მაინტერესებს, ათი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა ფსიქოლოგია ურთიერთობის, იგივე ბიზნეს პარტნიორობის, რა ტიპის ევოლუცია განვლო ჯამში ამ ყველაფერმა და დღეს სად ვართ უკვე ზოგადად ბაზრის კუთხით და ასევე კომპანიის გადმოსახედიდან?

ბორის მეგრელიშვილი: 2013 წელს დავიწყეთ ეს აქტიურობა და 2014 წელი იყო როცა „ნექსია“ გავხდით. ფაქტობრივად, აუდიტორული კომპანიების ბაზარი მაშინაც გაჯერებული იყო, რეალურად ჩვენ ვიყავით ბოლო მსოფლიო ათეულის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც შემოვიდა ბაზარზე და საკმაოდ დიდი იყო კონკურენცია. დღეს 270 აუდიტორული კომპანიაა დარეგისტრირებული ჩვენს მარეგულირებელ საიტზე, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ეს მონაცემები და დაახლოებით ასამდე არის აქტიური, ვინც აუდიტორულ მომსახურებას ეწევა. ამ ათი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ისეთი ზრდა და ისე განვვითარდით ევოლუციურად, შევძელით ის რომ, ქართულ ათეულშიც შემოვედით ჯერ კიდევ 2018 წელს. დღევანდელი მდგომარეობით საკმაოდ მაღალ პოზიციებზე ვართ და უფრო დავწინაურდით ამ ნაწილში, იგივე შემოსავლების ნაწილში.

საკმაოდ მნიშვნელოვანი ევოლუცია იყო და ამ ევოლუციას ხელი შეუწყო იმ რეფორმებმა, რაც საქართველოში, თვითონ ქვეყანაში განხორციელდა. ეს იყო 2016 წლის რეფორმა, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგების და აუდიტის შესახებ კანონი, რომელიც მიიღო სახელმწიფომ და ამ კანონის შესაბამისად გარკვეულ კომპანიებს უკვე სავალდებულოდ შეექმნათ ეს ფინანსური ანგარიშგების მომზადებაც, აუდიტიც და ამან ხელი შეუწყო ჯამში ამ ბაზრის განვითარებას და რეალურად დღეს თანხობრივ მაჩვენებელში რომ ავიღოთ, დაახლოებით აუდიტორული კომპანიის ბაზარი ას მილიონამდე ბრუნვას ითვლის და ამ ბრუნვაში წვლილი „ნექსიასაც“ შეაქვს, როგორც ბრუნვის, შემოსავლების, დოვლათის ნაწილში ასევე თანამშრომლების დასაქმების ნაწილშიც.

- ფინანსთა მინისტრებიდან ყველაზე „კაი ტიპი“ რომელი იყო?

ბორის მეგრელიშვილი: ცოტა რთული იქნება მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა, ესე პიროვნულად რომ დავასახელო, სხვებს გული დაწყდებათ. ზოგადად, დღევანდელ სიტუაციაში ვფიქრობ, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით და ფინანსების თვალსაზრისით საკმაოდ კარგად მიდის ქვეყანა და ძლიერად გვაქვს პოზიციები გამყარებული ამ ნაწილში. რა თქმა უნდა, სიტუაციების გამოყენების კუთხითაც ვფიქრობ, რომ შემოსავლების სამსახურიც და ფინანსთა სამინისტრო იყენებს ამ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის დოვლათის ზრდას და რეალურად დღევანდელ სიტუაციაში ამ კუთხით საკმაოდ სწორად წარმართავს თავის საქმიანობას.

- დავით, თავის დროზე ალტერნატიული აუდიტის გაუქმება იყო თუ არა შეცდომა და ბაზრის კონიუნქტურა საჭიროებდა თუ არა ამ ყველაფერს?

დავით ლომიძე: მაგაზე მე ბევრი მაქვს ნაფიქრი, საბოლოო ჯამში თავის დროზე იმუშავა, მაგრამ ჩემი შეფასებით, რაც მანდ არ მომწონდა იყო ესეთი საკითხი, მაგალითად, ალტერნატიულ აუდიტში, როდესაც კომპანიას შეეძლო კერძო სექტორს თვითონ აერჩია, თუ კომპანიას ჰქონდა გარკვეული ტიპის დარღვევები მას ერჩივნა რაც შეიძლება სუსტი კომპანია შეერჩია, რომ ეს დარღვევები ვერ ეპოვნა და ამ ნაწილს ვთვლი, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სისუსტედ. იმიტომ, რომ მაღალკვალიფიციური კომპანიის შერჩევა, შეიძლება არ ყოფილიყო წახალისებული იმ კუთხით, რომ მაღალკვალიფიციურ კომპანას შეიძლება ადვილად ეპოვა ეს დარღვევა, თუ რა თქმა უნდა, ბიზნესი რაღაცას შეგნებულად არღვევდა. თუ კომპანია ძალიან გამართული იყო რა თქმა უნდა, ის აირჩევდა რეპუტაბელურ, კარგ კომპანიას, რომელიც სწორად შეუმოწმებდა ყველაფერს და თუ პრობლემა არ ექნებოდა, დასრულდებოდა წარმატებით მისი შემოწმება.

- გადავიდეთ საგანმანათლებლო ნაწილზე, ძალიან სპეციფიურია დარგი, დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე დღეს ბაზარი სად არის?

- დავით ლომიძე: განათლება და პროფესიაში ზრდა კარგი სერვისის გაწევისთვის არის აუცილებელი, ამის საფუძველი რა თქმა უნდა, ადამიანია და თანამშრომელი და „ნექსიას“ ეს მთავარ პრიორიტეტში აქვს. „ნექსიას“ სიამაყე და გული არის „ნექსია აკადემია“, სადაც მუდმივად ვატრენინგებთ ჩვენ თანამშრომლებს და ჩვენ მხოლოდ „ნექსიათი“ არ შემოვიფარგლებით, გარე აუდიტორიასაც, დაწყებული დამწყები პროფესიაში მოსული ადამიანებით დამთავრებული არსებული პროფესიონალების გადამზადებითაც, აქტიურად ვართ ჩართული. ამ კუთხით გვაქვს ადგილობრივი კონფერენციები, საერთაშორისო კონფერენციები, იტალიელი და გერმანელი კოლეგებიც გვყავდა ჩამოყვანილი და მასშტაბური კონფერენცია გავმართეთ. ამ კუთხით მოთხოვნა გაზრდილია და ეს ძალიან დადებითი ფაქტორია.

- კომპანია მსოფლიო ლისტინგში არის ათეულში და საქართველოში აუდიტორული კომპანიების სიაში მერამდენე ხართ?

ბორის მეგრელიშვილი: ცოტა რთული კითხვაა, იმიტომ, რომ საქართველოში რეალურად არ ქვეყნდება რეიტინგი, ჩვენს ქვეყანაში ქვეყნდება „სარასის“ გვერდზე კომპანიების მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების კუთხით ქვეყნდება ხოლმე შემოსავლები. ამ კუთხით 2020 წლიდან ვართ მეექვსე პოზიციაზე, თუმცა იგივე პოზიციას ვიკავებთ ჯამური შემოსავლებითაც.

- წარმოვიდგინოთ საქართველო როგორც კომპანია, რთული კლიენტი იქნებოდა?

დავით ლომიძე: გამოწვევები იქნებოდა ამ კლიენტთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ კომპანიასთან ერთად საქართველო მაინც ბოლომდე მოწესრიგდებოდა და განვითარდებოდა

ბორის მეგრელიშვილი: ჩემთვის, როგორც პროფესიის ნაწილში აუდიტის კუთხით იქნებოდა საკმაოდ გამომწვევი პროექტი, სადაც ალბათ, იქნებოდა ძალიან ბევრი შენიშვნები, ძალიან ბევრი გამოვლენილი ხარვეზები და ამ ხარვეზების გამოვლენის გზებზეც დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ჩვენ როგორც ფინანსისტების და როგორც ამ პროფესიის ნაწილის შეხედულება იქნება, თუმცა გარკვეულ მიმართულებას მისცემდა.

გელა მღებრიშვილი; დავით მამრიკიშვილი - Nexia TA-ს მმართველი პარტნიორები:

- დავიწყოთ საგადასახადო კოდექსით, დღეს არსებული დოკუმენტი, დღეს არსებული საგადამხდელო დოკუმენტი, დღემდე როგორ მოვედით და დღეს არსებული დოკუმენტი რა ტიპის დახვეწას საჭიროებს და მოითხოვს?

გელა მღებრიშვილი: მაგაზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, გზა ბევრი გაიარა, რამდენი კოდექსი შევცვალეთ, სულ სიახლეები შედის და ალბათ, ეს პერმანენტული ცვლილებების პროცესი არის მცდელობა იმის, რომ უკეთესს და უკეთესს მივაღწიოთ. რაც შეეხება იმ კუთხით, რომ არის თუ არა ეს საუკეთესო ან ლიბერალური, მე პირადად უფრო ლიბერალური გადასახადების მომხრე ვარ. ჩემი მოსაზრება ორად იყოფა, თვითონ გადასახადების ნაწილში ჯობია კანონმდებლობა იყოს ლიბერალური, დაბალი განაკვეთი, არა ოფშორული, მაგრამ რაც შეიძლება დაბალი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრირებაში იყოს მაქსიმალური სიმკაცრე. ყველამ უნდა გადაიხადოს, რაც ეკუთვნის. საგადასახადო შეღავათები არ მომწონს, უნდა იყოს საგადასახადო შეღავათები, მაგრამ უნდა იყოს სწორი და აუცილებელი. სხვათაშორის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა კვლევა, თუ რა შედეგს იძლევა კონკრეტული შეღავათი.

- ესტონეთის მთავრობამ, როდესაც დააინიცირა ესტონური მოდელი, რომელიც რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებს, ჯამში მაშინ ესტონეთის ბიუჯეტს ფისკალურ ნაწილში დააკლდა საკმაოდ სოლიდური თანხები, მაგრამ საუბარი მაქვს ევროკავშირის წევრ ესტონეთზე, რომლის ჭრილშიც დონაციები და სუბსიდირება იყო ძალიან დიდი. ჩვენ არაევროკავშირის წევრი ქვეყანა საქართველო 2017 წელს ვაინიცირებთ ამ ყველაფერს, თან ქვეყანაში სამწუხაროდ, რეინვესტირების კულტურა არ გვაქვს განვითარებული. მე მაინტერესებს, ეს რეფორმა რამდენად დროული იყო, რამდენად საჭირო იყო?

დავით მამრიკიშვილი: მე მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი აღნიშნული რეფორმის მიმართ, ვფიქრობ, რომ ბიზნესისთვის კარგი არის, ამ შემთხვევაში ორი არჩევანი აქვს ბიზნესს თუ იმ გენერირებულ და დაგროვილ მოგებას გაანაწილებს, იგივე რეჟიმში მოხვდება როგორც ადრე იყო, დაიბეგრება იმ გადასახადებით, რაც ეკუთვნის, მოგების გადასახადით და დივიდენტის საშემოსავლო გადასახადით. ევროპელი ინვესტორები, ბევრთან გვაქვს შეხება „ნექსიას“ ძალიან ბევრი კლიენტი ყავს და მათ რომ ვუხსნით, როგორი რეჟიმი გვაქვს, მისასალმებელია და კარგია. კომპანია, რომელიც ფიქრობს განვითარებაზე, ხვალინდელ დღეზე და არ ფიქრობს მიღებული მოგება ეგრევე სახლში წაიღოს, ასეთი კომპანიისათვის ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობა არის, ეს მიღებული თანხა შემდეგ მიმართოს სხვა მიმართულებებში.

რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს და საგადასახო რეჟიმს, მაგ კუთხითაც ძალიან ბევრი რეჟიმები გვაქვს, სექტორებთან მიმართებაში, მცირე მეწარმეების დაბეგვრასთან დაკავშირებით, რაც კარგია, ამ კუთხით მოქნილი რეჟიმი, კარგი არის, თუმცაღა ხანდახან არის გამოწვევები, იმ კუთხით, რომ არ გვაქვს ზუსტი დეფინიცია, თუ რა თამაშის წესები არის, სად გადის ზღვარი, სად შეიძლება, რომ ეს შეღავათი დაეკარგოს გადასახადის გადამხდელს და ა. შ. შემოსავლების სამსახურმა გარკვეული კრიტერიუმები ეხლა დაადგინა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაეთვალოს არა როგორც მომსახურება არამედ როგორც დაქირავებით მუშაობა და განაკვეთი შეიცვალოს, დაბეგვრის რეჟიმი დამძიმდეს. თავდაპირველად როცა შემოდის რეჟიმი, ჩემი აზრით უმჯობესი იქნება თამაშის წესები იყოს ნათელი ყველასთვის და გასაგები.

-საქართველოს რეალობაში რამდენად არიან მცირე და საშუალო ბიზნესები დღეს განვითარების ხერხემალი? ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ დღეს მცირე და საშუალო ბიზნესი საჭიროებს გაცილებით უფრო ყურადღებით მიდგომას, ჯამში აქ რა ტიპის ნაკლოვანებებს ხედავთ?

გელა მღებრიშვილი: მანდ გვაქვს პრობლემები, პირველ რიგში, სანამ გადასახადებამდე მივალთ, მცირე და საშუალო ბიზნესს სერიოზული პრობლემები აქვს ცნობადობის ამაღლების კუთხით, ფინანსური განათლების კუთხით, როგორ უნდა მოაწყოს თავისი ბიზნესი, როგორ არ უნდა მოიქცეს, როგორ უნდა მოიძიოს რესურსი, ელემენტარულად აღრიცხვის მოწესრიგების პრობლემა, რომ პრობლემაა ამას ვერ აღიქვამს ბიზნესი.

ამას ემატება ცალკე კიდევ საგადასახადო ადმინისტრირება, როდესაც ძალიან ხშირად ამ მოუწესრიგებლობის გამო ისინი რჩებიან მარტოები საგადასახადო ორგანოს პირისპირ, რაც სამწუხაროდ, იწვევს მათ დაჯარიმებას ხანდახან ისეთი თანხებით, რომ მათ ბიზნესის დახურვა უწევთ. ყველა განვითარებულ ქვეყანაში საშუალო და მცირე ბიზნესი არის ამოსავალი წერტილი. ჩვენ ახლახანს დავიწყეთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი, ბუღალტრული კუთხით, გაციფრულების პროგრამა დავარქვით და მიზანი გვაქვს, რომ ამ სექტორს შევუწყოთ ხელი, ამ სექტორს მივაწოდოთ ის ელემენტარული ინფორმაცია, რაც აუცილებელია მათი გადარჩენისთვის.

მოამზადა ნინა ჯალიაშვილმა