ირაკლი ნადირაძე - სუს-ის განცხადება არის აგონიაში მყოფი, შეშინებული ხელისუფლების და რუსი ოლიგარქი ივანიშვილის განცხადება

სუს-ის ეს განცხადება არის აგონიაში მყოფი, შეშინებული ხელისუფლების და რუსი ოლიგარქი ივანიშვილის განცხადება. მათ ძალიან კარგად იციან ასობით ათასი ადამიანი, ვინც აპროტესტებს რუსულ კანონს, რომ ისინი მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან, რომლებსაც, სხვათა შორის, ძალადობრივად გაუსწორდნენ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ, სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, მიმდინარე აქციები მშვიდობიანია და არაძალადობრივი მეთოდებით გაგრძელდება.

„სუს-ის განცხადება - ეს არის აგონიაში მყოფი, შეშინებული ხელისუფლების და რუსი ოლიგარქი ივანიშვილის განცხადება. მათ ძალიან კარგად იციან ასობით ათასი ადამიანი, ვინც აპროტესტებს რუსულ კანონს, რომ ისინი მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან, რომლებსაც სხვათა შორის ძალადობრივად გაუსწორდნენ, აბსოლუტურად უკანონოდ, რუსული მეთოდებით. ძალადობა, მუქარა, დაშინება გრძელდება და ეს ზარებიც ამის დასტურია, რომელსაც ისინი ახორციელებენ.

ამ განცხადებაში ალბათ საბურავები დაგვაკლდა ყველას, სადღაც საბურავებს აგროვებდნენო ეს უნდა ჩაემატებინათ, ვიღაცას გამორჩა. რა თქმა უნდა, ეს არის სრული ცინიზმი, ჩვენ, იქ მყოფი ადამიანები, პარტიული კუთვნილების გარეშე, ყველა ერთად ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, მშვიდობიანი, არაძალადობრივი მეთოდებით და ეს აქციები გაგრძელდება სწორედ ასე, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში.

ჩვენ ვართ ცივილიზებული ხალხი, რომლებიც ვიბრძოლებთ ყველა იმ დემოკრატიული და არაძალადობრივი მეთოდებით, რომელიც მოგვიტანს შედეგს. ამიტომ სუს-ის ეს განცხადება ჰგავს პრევენციას, შეშინებულ ხელისუფლებას ჰგავს. მსგავსი სულელური განცხადებების ნაცვლად, უკანონოდ რომ აშინებენ, ძალადობენ ადამიანებზე, სჯობს ეს საკითხები გამოიძიონ“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.