შუა დერეფნით სატვირთო მიმოსვლის გასამმაგება შესაძლებელია - ევროკავშირის ელჩი

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ შუა დერეფანი ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანზიტო ტვირთის სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა. ამის შესახებ ყაზახეთში ევროკავშირის ელჩმა, კესტუტის იანკაუსკასმა სააგენტო Trend-ს განუცხადა.

მისი თქმით, ყაზახეთი ევროპისა და აზიის, ევროკავშირისა და ჩინეთის კვანძზეა. ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სახმელეთო ტვირთის უმეტესი ნაწილი ტრანზიტით ყაზახეთის გავლით გადის, ხოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი ეს სავაჭრო ნაკადი რუსეთის გავლით, ჩრდილოეთ მარშრუტით გადიოდა.

თუმცა, ელჩის შეფასებით, უკრაინის ომის დაწყებიდან და ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ ზოგიერთმა კომპანიამ თავისი ლოგისტიკური ოპერაციები სანქცირებული ქვეყნებიდან გადაიტანა, რამაც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას ბიძგი მისცა.

“ეს სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობისთვის. ასევე, ჩინეთსა და ევროპას შორის საქონლის ტრანზიტი უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე საზღვაო გზით,“ - აცხადებს იანკაუსკასი.

მისი თქმით, რამდენიმე კვლევამ დაადგინა, რომ ამ მარშრუტზე სატვირთო მიმოსვლის გასამმაგების დიდი პოტენციალი არსებობს.

ცნობისთვის: შუა დერეფანი ჩინეთისა და ევროკავშირის ქვეყნების საკონტეინერო სარკინიგზო სატვირთო ქსელებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის გავლით ერთმანეთთან აკავშირებს. მრავალმხრივი მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კასპიისა და შავი ზღვების საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან აკავშირებს.

შუა დერეფანი ჩინეთიდან თურქეთამდე, ასევე, ევროპის ქვეყნებში და საპირისპირო მიმართულებით ტვირთის გადაზიდვის ზრდას ხელს უწყობს. ამ დერეფნით მატარებელს ჩინეთიდან ევროპაში ტვირთი, საშუალოდ, 20-25 დღეში ჩააქვს, რაც ამ სატრანსპორტო მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ