ირაკლი ზარქუა - ბატონო მილერ, შეცდომაში ხართ შეყვანილი, ან გვატყუებთ

ბატონი მილერი ან შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი, ან არ იცნობს თავის კანონმდებლობას და ჰაერზე საუბრობს - მე მოვუწოდებდი მას, რომ იქნებ მეტად გახდეს კომპეტენტური, მეტად ჩაიხედოს კანონებში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მეთიუ მილერი ან დააკორექტირებს თავისივე განცხადებას, ან სიცრუისთვის ბოდიშს მოიხდის.

"დღითიდღე გვაოცებს ბატონო მილერი. ის არის თეთრი სახლის სპიკერი. მე მგონი, ეს კაცი შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი, ან არ იცნობს თავის კანონმდებლობას და ჰაერზე საუბრობს. მე მოვუწოდებდი მას, რომ იქნებ მეტად გახდეს კომპეტენტური, მეტად ჩაიხედოს იმ კანონებში. ბატონო მილერ, თქვენ რაც ბრძანეთ, რომ თურმე მთავრობების დაორგანიზებით მოქმედი ორგანიზაციები, თუ ესა თუ ის პირები ხვდებიან "ფარას" რეესტრში და თურმე დანარჩენებს ეს არ ეხებათ? - არ არის ასე. შეცდომაში ხართ შეყვანილი, ან გვატყუებთ. იმიტომ რომ ქალბატონ გიული ალასანიასა და მის გარემოცვაზე ჩვენ სწორედ "ფარადან" გავიგეთ. ისინი არ ყოფილან მთავრობის დაკვეთით, ისინი არიან ჩვეულებრივი ფიზიკური პირები, რომლებიც პირადი ინტერესებით მოქმედებდნენ და მოხვდნენ "ფარას" შესაბამის რეესტრში. მადლობა თქვენთან მოქმედ "რუსულ კანონს", სწორედ იქიდან გავიგეთ, რომ თურმე მილიონი დოლარი ჰქონდა გადახდილი ოჯახს, რომ ამერიკელ ლობისტებს დაეწერათ რეზოლუციისთვის ტექსტი. იმედი მაქვს შემდეგში გამოხვალთ და დააკორექტირებთ თქვენს განცხადებას, ან ბოდიშს მოიხდით ამ სიცრუისთვის. რა ვიცი, რაღაც გააკეთეთ, არასწორი ხართ და ეს მინდა იცოდეთ," - განაცხადა ზარქუამ.

გარდა ამისა, მან ევროპარლამენტარების განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი არა საქართველოს მეგობრები, არამედ "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან.

"30-მდე ევროპარლამენტარი: ფოტიგები, კუბილიუსები, რაისები არასდროს ყოფილან ჩვენი ქვეყნის მეგობრები, მათი მეგობარი არის ბელადი სააკაშვილი. ისინი არიან "ნაცმოძრაობის", იგივე "მწვალებელთა პარტიის" მეგობრები. თქვენ გგონიათ, ეს უნდა გავითვალისწინოთ? თან მანდატი არ აქვთ. ვინ ეკითხება კუბილიუსს და ფოტიგას ვიზალიბერალიზაციის გადახედვას? ან უვიზო მიმოსვლას და თავისუფალ ვაჭრობას რაისას? არ არის ეს მათი მანდატი," - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ “თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს”.

მისი თქმით, "განსხვავება ამ კანონების ბუნებაში მდგომარეობს".

ამასთან, როგორც მილერმა აღნიშნა, ცრუ შედარებები წარსულშიც უნახავს.

„წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს, თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.