გლობალური ვალი რეკორდულ დონემდე გაიზარდა

გლობალური ვალი რეკორდულ დონემდე, 315 ტრლნ დოლარამდე გაიზარდა. მონაცემებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი (IIF) ავრცელებს.

მხოლოდ პირველ კვარტალში მსოფლიო ვალი 1,3 ტრლნ დოლარით გაიზარდა. IIF მაჩვენებლის ზრდას ჩინეთის, ინდოეთისა და მექსიკის დავალიანების გაზრდას უკავშრებს.

IIF-ის ანგარიშში წერია, რომ წელს რეკორდული რაოდენობის საარჩევნო კამპანიის ფონზე მთავრობები გადასახადებს ამცირებენ, ხარჯებს კი ზრდიან. სახელმწიფო ბიუჯეტების დეფიციტი კვლავ კორონაპანდემიამდელ პერიოდზე მაღალი რჩება. პროგნოზირებულია, რომ წელს სახელმწიფო ბიუჯეტების დეფიციტი გლობალურ ვალს 5,3 ტრლ დოლარით გაზრდის.

IIF-ის ცნობით, ჩინეთი უკვე განიცდის უძრავი ქონების კრიზისს, რამაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შესაძლოა, მრავალი წლით შეაჩეროს.

ასევე, ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაწერა, რომ ათწლეულის ბოლოსთვის ინდოეთის ვალის ოდენობამ მისი ეკონომიკის მოცულობას შესაძლოა, გადააჭარბოს, რადგან ქვეყანა ყოველწლიურად სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში მილიარდობით დოლარს ხარჯავს.

IIF-ის ექსპერტები გაფრთხილებას იძლევიან, რომ “მზარდმა სავაჭრო უთანხმოებამ და ღრმა გეოეკონომიკურმა ფრაგმენტაციამ შესაძლოა, განვითარებად ბაზრებს საგარეო ვალის მომსახურების უნარი დაუქვეითოს,” რადგან ბევრი მათგანი დოლარში დენომინირებული მაღალ დავალიანებას ებრძვის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აპრილში გამოქვეყნებულ “საბიუჯეტო მაცნეს” მიხედვით, 2023 წელს მთლიანი გლობალური ვალი მსოფლიო მშპ-ის 93.2%-მდე გაიზარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს ეს მაჩვენებელი 93,8%-მდე, 2025 წელს 95,1%-მდე, ხოლო 2029 წელს 98,8%-მდე გაიზრდება, რისი მთავარი მიზეზიც აშშ-ისა და ჩინეთის სახელმწიფო ვალის ზრდა იქნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ