სებ-ის მიერ ოქროს შეძენის მიზანი შესაძლოა, სანქციებისგან თავის დაცვა იყოს - „აისეტი“

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ, 2024 წლის პირველ მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო იყიდა. აღნიშნული შემთხვევა უპრეცენდენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. სებ-ის განცხადებით, ეს შესყიდვა მნიშვნელოვანი მოვლენაა და გაზრდილი გლობალურ-გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, რეზერვების დივერსიფიკაციას ემსახურება.

ISET-ს კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული ანალიზის თანახმად, სებ-ის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას შესაძლოა ორი მიზეზი ჰქონდეს. პირველი - ეკონომიკური მოტივაციაა, რომელიც პორტფელის დივერსიფიკაციას და ინფლაციისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობისგან თავის დაცვას გულისხმობს. ხოლო მეორე - პოლიტიკურია, როდესაც ქვეყნები ცდილობენ შეამცირონ დამოკიდებულება აშშ დოლარზე და დაიცვან საკუთარი თავი პოტენციური სანქციებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ოქროს შეძენა თანხვედრაშია მის შესაძლო ეკონომიკურ საფუძველთან, ბოლოდროინდელი მოვლენები კვლევის ავტორებისთვის მაინც აჩენს კითხვებს ალტერნატიული მოტივატორების შესახებ.

პუბლიკაციის თანახმად, ისეთი ქმედებები, როგორებიცაა აშშ-ის მიერ სანქციების დაწესება გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებზე (მაგ. მოსამართლეები, ყოფილი მთავარი პროკურორი), ცენტრალური ბანკის მმართველობასთან დაკავშირებული შეშფოთება და მმართველი პარტიის საკანონმდებლო გადაწყვეტილებები (კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ) ემიჯნება ევროკავშირის გზას და იწვევს როგორც საზოგადოების, ასევე პარტნიორების უკმაყოფილებას. ამას ემატება მმართველი პარტიის ანტიდასავლური რიტორიკა და საგადასახადო კოდექსში ახლახანს მიღებული „კანონი ოფშორების შესახებ“. ზემოთხსენებული ფაქტები კვლევის ავტორებს უმძაფრებს იმის განცდას, რომ ოქროს შეძენა პოტენციური სანქციების შიშითაა გამოწვეული და არა ეკონომიკური საფუძვლით, რადგან ოქრო ყველაზე უსაფრთხო სარეზერვო აქტივად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ფინანსური სანქციების, აქტივების გაყინვის ან ჩამორთმევის საშიშროება ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ სებ-მა მონეტარული ოქროს ზოდები საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისგან (BIS) შეიძინა.

მოამზადა თორნიკე მაისაშვილმა