დიმიტრი ქუმსიშვილი: "ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილებები დედაქალაქს, როგორც მუნიციპალიტეტს გააძლიერებს

დედაქალაქის ვიცე-მერის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ქონების მართვისა და განკარგვის სფეროსთან მიმართებაში "ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები დედაქალაქს, როგორც მუნიციპალიტეტს გააძლიერებს.

როგორც კანონპროექტზე კომენტირებისას ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომზადებული ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები იზრდება, რადგან შესაძლებლობა ეძლევა, პასუხისმგებლობის ის წილი, რომელიც აქვს, ეკონომიკის სამინისტროს და სახელმწიფოს ნაცვლად, საკუთარ თავზე აიღოს.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროექტის ინიციატორებს ირაკლი ტრიპოლსკის და გია ჟორჟოლიანს, რომლებიც აღნიშნული ცვლილებების მოსამზადებლად ჩვენთან ძალიან აქტიურ კონსულტაციებს გადიოდნენ. კანონპროექტის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს დედაქალაქს, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 50 პროცენტს აგენერირებს, ეს კი დაახლოებით 15 მილიარდი ლარია, ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა ეფექტურად განახორციელოს სამეურნეო საჭიროებები.  აღნიშნული კანონპროექტით, რეალურად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები იზრდება. მას ეძლევა ახალი შესაძლებლობები, რათა დამატებით მოიზიდოს ინვესტორები, გადაჭრას მისთვის საჭირო, მნიშვნელოვანი საკითხები და მეტად ეფექტურად განახორციელოს ის ქმედებები, რომლებიც აქვს განსახორციელებელი", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თბილისის ვიცე-მერის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების მიღება მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს, ბევრი და სწორი გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოს. "ჩვენი ძირითადი ამოცანა და მიზანი არის სწრფად სწორი, ბევრი გადაწყვეტილების მიღება. ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება და ამასთან დაკავშირებით ვართ მაქსიმალურად მოტივირებულნი. შესაბამისად, ეს არის კანონპროექტი, რომელმაც კანონად ქცევის შემდეგ უნდა მოგვცეს ამის განხორციელების შესაძლებლობა. დღეს მუნიციპალიტეტში მუშავდება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის განხორციელება შეუძლებელი იქნება აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე", - აღნიშნა ვიცე-მერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მომზადებული ცვლილებებით, გარკვეული მიმართულებებით თბილისის საკრებულოს ჩართულობაც იზრდება.  "საკრებულო დამატებით ახალ მაკონტროლებელ და არა მარტო მაკონტროლებელ, არამედ რეალურად ახალ მიმართულებებს იმატებს. მათ შორის არის პირდაპირი განკარგვის ნაწილში საკრებულოს სრული ჩართულობა, ქონების გაცვლის ნაწილში სრული ჩართულობა და ა.შ. ანუ რეალურად, ჩვენ დღეს ამ კანონპროექტით, როგორც მუნიციპალიტეტი, ვძლიერდებით და ვიღებთ იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი ახალი ფუნქცია შევასრულოთ, განვახორციელოთ ის, რომელსაც აქამდე არ ვახორციელებდით. აგრეთვე, ჩვენ გამოვდივართ პარტნიორები სახელმწიფოსთვის, რადგან აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით მოვახერხებთ იმას, რომ მთლიანი ზეწოლა არ წამოვიდეს ეკონომიკის სამინისტროსა და სახელმწიფოზე და ის წილი პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა აიღოს მუნიციპალიტეტმა, აიღოს სწორედ თბილისმა", - აღნიშნა ქუმსიშვილმა, რომლის განმარტებითაც, მათი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პროცედურების ნაწილი არის გასამარტივებელი, მყარია.

დედაქალაქის მთავრობა გარკვეულ გადაწყვეტილებებს საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე მიიღებს. ეს ძირითადად თბილისის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროს ეხება, სადაც თბილისის აღმსარულებელი ორგანოს ავტონომიურობა იზრდება.  ამას "ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ტრიპოლსკიმ და დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა წარუდგინეს, რომელიც ამჟამად პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობს.