მკაცრი კლიმატური პირობები ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის მსოფლიო წარმოებას ამცირებს

ზეითუნის ზეთის გლობალური წარმოება თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს განიცდის და მას “ღრმა ტრანსფორმაცია” სჭირდება. ამის შესახებ მსოფლიოში უდიდეს მწარმოებელ ესპანურ კომპანი Deoleo-ს გაყიდვების დირექტორ მიგელ ანხელ გუსმანმა განაცხადა, რასაც EastFruit ავრცელებს.

მისი თქმით, კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ, მზარდმა ფასებმა, მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა და მუდმივმა ინფლაციამ ბოლო თვეებში ზეითუნის ზეთის წარმოების მთელ ჯაჭვზე გავლენა მოახდინა. ესპანეთში ორწლიანმა ძლიერმა სიცხემ ზეთისხილის მოსავალი შეამცირა, რამაც შედეგად ფასების უპრეცედენტო ზრდა გამოიწვია.

ეს მაშინ, როცა ზეითუნის ზეთის გლობალურ წარმოებაში ესპანეთის წილი 40%-ზე მეტს შეადგენს, რაც მას ფასების გლობალურ ეტალონად აქცევს. ზეითუნის ზეთის გლობალური მიწოდება უმეტესად ხმელთაშუა ზღვვიდან ხდება, ხოლო სამხრეთ ევროპის ქვეყნები, კერძოდ, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი ამ ძვირფასი პროდუქტის მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლები არიან.

რაც შეეხება ფასებს, იანვარში ესპანურ ანდალუზიაში პირველადი დაწნეხით მიღებული ზეითუნის ზეთის ფასმა კილოგრამზე რეკორდულ მაჩვენებელს, 9,2 ევროს (9,84 დოლარს) მიაღწია. თუმცა მოგვიანებით, ნაწილობრივ, წვიმებისა და წარმოების მოცულობის გაზრდილი პროგნოზის გამო გაიაფდა. კერძოდ, Mintec-ის საბაზისო ინდექსის მიხედვით, აპრილის შუა რიცხვებისთვის კილოგრამ ზეითუნის ზეთი, დაახლოებით, 7,8 ევრო ღირდა.

გუსმანის შეფასებით, ესპანეთში ბოლოდროინდელი წვიმები “ნამდვილად პოზიტიური მოვლენაა” და Deoleo მომავალში “ფასთა უფრო გონივრულ სიტუაციასთან” მიბრუნებას მოელის, თუმცა კომპანია ამ დროისთვის თავის პროგნოზებში მაინც ფრთხილია.

”ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე თვე, ვიდრე 2024-25 წლების მოსავლის შესაძლო მოცულობას არ გავიგებთ, მანამდე კი ფასები არასტაბილური იქნება,” - ამბობს გუზმანი.

მისი თქმით, ინდუსტრია თავისი ბუნებით მაღალი ფასების ცვალებადობას ექვემდებარება და წარმოების ახალ მიდგომებს საჭიროებს. ამასთან, ანალიტიკოსები სექტორს აფრთხილებენ, რომ ზეთისხილის ხეები კლიმატური კრიზისის მიმართ “უკიდურესად” დაუცველია. მართალია, ამ ხეებს მაღალი ტემპერატურის ატანა შეუძლიათ და გვალვის მიმართ საკმაოდ მდგრადები არიან, მაგრამ ბოლო დროს კლიმატური პირობები მეტად გამკაცრდა.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა დაიცვან უკეთესად ზეთისხილის ხეები კლიმატური ცვლილებით გამოწვეული ექსტრემალური ამინდის პირობებისგან, გუზმანი პასუხობს, რომ „ფასების ცვალებადობის შესამცირებლად და მათი პროგნოზირებადობის გასაზრდელად სექტორმა მართვის სადავეები თავად უნდა აიღოს და მისმა ყველა მონაწილემ ტრანსფორმირება უნდა განიცადოს.”

მოამზადა ლადო სულაბერიძემ