"სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების" პროექტში ცვლილებები შევიდა

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების" პროექტში ცვლილებები შევიდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ერთ მუნიციპალიტეტში სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების მაქსიმალური ზღვარი - 1 000 000 ლარი. გაუქმებით და შეზღუდვის მოხსნით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ფიქსირდება პროექტების სიმრავლე, გაჩნდება შესაძლებლობა, განხორციელდეს მეტი ახალი საწარმოს თანადაფინანსება სააგენტოს მხრიდან.

მათივე ინფორმაციით, ასევე, პოტენციური ბენეფიციარი, პროექტის დამტკიცების შემდეგ, სააგენტოსგან გრანტს ეროვნული ვალუტის ნაცვლად (რომელიც შეადგენდა 500 ათას ლარს), მიიღებს აშშ დოლარში. გრანტის მოცულობა შეადგენს 250 000 $. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ბენეფიციარებს, ძირითადი საშუალებების შესაქმნელად საჭირო სამშენებლო მასალებისა და მანქანა-დანადგარების შესყიდვაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციტივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების" პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს. დაფინანსებულია 11 ახალი საწარმოს მშენებლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.