პაველ ჰერჩინსკი - ასეთი ქმედებების ადგილი არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არაა, განსაკუთრებით ისეთში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს

დაშინებების, მუქარების, ძალადობის ადგილი არცერთ დემოკრატიაში არ არის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ფორმის დაშინება, მუქარა, ძალადობა უნდა შეწყდეს.

"ჩვენი პოზიცია ყოველთვის ნათელი იყო: ნებისმიერი ფორმის დაშინება, ნებისმიერი მუქარები და ნებისმიერი ძალადობა ნებისმიერ ვითარებაში აბსოლუტურად, აბსოლუტურად მიუღებელია, ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.შემიძლია, მხოლოდ გავიმეორო, რაც გენერალურმა დირექტორმა კოოპმანმა თქვა თავისი ვიზიტის დასასრულში: "ტემპერატურა უნდა დაიწიოს, სერიოზული საუბარი უნდა დაიწყოს, საქართველოს ინტერესებშია წინ წაიწიოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე." დაშინებების, მუქარების, ძალადობის ადგილი არაა არც ერთ დემოკრატიაში, და საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, ასე რომ, ეს სრულიად მიუღებელია", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, საქართველოში პოლარიზაცია მწვავედ დგას.

"სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პოლარიზაცია საქართველოში განსაკუთრებით მწვავეა. ამას, სამწუხაროდ, ყოველ ღამე ვუყურებთ ჩვენს სატელევიზიო ეკრანებზე. არის ცნობები დაშინებების შესახებ, ზარები ხორციელდება სხვადასხვა ადგილებიდან სხვადასხვა ადამიანებთან მუქარებით. ვხედავთ ძალადობას, ვხედავთ ცემას, ეს უნდა შეწყდეს. ასეთი ქმედებების ადგილი არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არაა, განსაკუთრებით კი ისეთში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.