საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება გვსურს, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ამისთვის კურსი უნდა შეცვალოს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია შევიწროების მზარდი ცნობებისა და ფიზიკური თავდასხმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მეთიუ მილერმა აღნიშნული ფაქტები დაგმო და გამოძიებისკენ მოუწოდა.

"ღრმად შეწუხებულები ვართ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს და მისი წინ წაწევის ქმედებებს. ვიცით შევიწროების მზარდი ცნობებისა და ფიზიკური თავდასხმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამას ვგმობთ და დამოუკიდებელ, სრული და დროული გამოძიებისკენ მოვუწოდებთ.

და უფრო ფართო კითხვაზე პასუხად ვიტყვი, რომ საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს და საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება გვსურს. ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ამისთვის კურსი უნდა შეცვალოს”, - განაცხადა მილერმა.

მისივე თქმით, აშშ-მა ნათელი გახადა, როგორია „ჩვენი პოლიტიკა და გავაგრძელებთ ამის ნათლად თქმას“.

„მაგრამ ამ მომენტში, წინასწარ არ განვიხილავ რაიმე ქმედებებს, რომლებიც შეიძლება განვახორციელოთ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.