პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს

პოლიციელებმა ბლოგერი, სამხედრო ჟურნალისტი უჩა აბაშიძე სავარაუდოდ, დააკავეს. პოლიციამ აბაშიძე სახლიდან ხელებაწეული გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა, უცნობია, სად გადაიყვანეს ბლოგერი.

ბლოგერის ადვოკატის განცხადებით, უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედებები უჩა აბაშიძის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.

ბლოგერ უჩა აბაშიძის საცხოვრებელ სახლში პოლიციის შესავლის თაობაზე ინფორმაცია დაახლოებით 20:00 საათზე გავრცელდა. პოლიცია სახლში საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა, ახლობლების ინფორმაციით, უჩა აბაშიძეს ამ დროის განმავლობაში, ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ჰქონდა და ადვოკატებმა მისი ნახვა მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეძლეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სახლიდან სამართალდამცველებმა გარკვეული ნივთები ამოიღეს და უჩა აბაშიძე დააკავეს.