2023 წელს აეროპორტების გლობალური ოპერატორის TAV Holding-ის შემოსავლები 24.5%-ით გაიზარდა, მგზავრთა რაოდენობა კი 22%-ით - ამის შესახებ აღნიშნულია ჰოლდინგის გასული წლის ფინანსურ ანგარიშგებაში.
უფრო კონკრეტულად, 2023 წელს TAV Holding-მა 1 309 687 000 ევროს შემოსავალი მიიღო, 2022 წელს კი 1 051 358 000 ევროს.
TAV Holding-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი თურქეთის აეროპორტებზე მოდის, შემდეგ მას მოჰყვება ყაზახეთის, საქართველოს, საუდის არაბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ტუნისისა და ხორვატიის აეროპორტები.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან TAV Holding-მა 115.190 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 17.3 მილიონი ევროთი, დაახლოებით 18%-ით მეტი იყო. 2022-ში საქართველოს აეროპორტებიდან TAV-მა 97.842 მლნ ევროს შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ TAV Holding-ის შესამოსავლებში საქართველოს აეროპორტებიდან მიღებული თანხა 8.8%-ს შეადგენს.
TAV Holding-ის 2023 შემოსავლები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
რაც შეეხება მგზავრთნაკადს, 2023 წელს ჰოლდინგი 95 538 898 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის 78 359 460- თან შედარებით თითქმის 22%-ით მეტია. 19.4%-ით გაიზარდა მგზავრების რიცხვი საქართველოს (თბილისი/ბათუმი) აეროპორტებში. 2023 წელს ორივე აეროპორტი 4 313 995 ადამიანს მოემსახურა, 2022 წელს კი 3 612 927 მგზავრს.
ცნობისათვის, TAV Airports Holding-ი ქართულ ბაზარზე 2005 წელს შემოვიდა. ჰოლდინგის შვილობილი კომპანია TAV Georgia თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიაა და არსებული კონტრაქტის მიხედვით, ის აეროპორტების ოპერატორი 2027 წლამდე იქნება.