2050 წლისთვის დემენციით დაავადებულთა რიცხვმა შესაძლოა, 139 მლნ ადამიანს მიაღწიოს

მედიცინის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევების გამო სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად უახლოეს ათწლეულებში დემენციით დაავადებული ადამიანების რიცხვიც გაიზრდება. ინფორმაციას CNBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

WHO-ს მოხსენებაში წერია, რომ „როცა მსოფლიოში ხანდაზმულთა პოპულაცია ზრდას განაგრძობს, მოსალოდნელია, რომ დემენციით დაავადებულთა რიცხვიც გაიზრდება და 2050 წლისთვის, დაახლოებით, 139 მილიონ შემთხვევას მიაღწევს.“

ორგანიზაციის მონაცემებით, 2023 წელს შეძენილი დემენციით მსოფლიოში 55 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯებოდა, ხოლო 2050 წლისთვის 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რიცხვი გაორმაგდება და 2,1 მილიარდ კაცს მიაღწევს.

WHO წერს, რომ ამჟამად დემენცია მსოფლიოში ხანდაზმულთა შორის სიკვდილის მეშვიდე, ხოლო ინვალიდობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. ყოველწლიურად მსოფლიოში დემენციის, დაახლოებით, 10 მილიონი ახალი შემთხვევაა.

ცნობისთვის: დემენცია არის სინდრომი, რომლის გამომწვევი რიგი დაავადებები თანდათან ანადგურებს ნერვულ უჯრედებსა და აზიანებს ტვინს, ასევე, ადამიანის შემეცნებით ფუნქციებს, კერძოდ, მეხსიერებას, აზროვნებას და ყოველდღიური საქმიანობის უნარს ამცირებს. დემენცია დროთა განმავლობაში პროგრესირებს და, ძირითადად, ხანდაზმულებს ემართებათ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ