ბაქოს აეროპორტის პოპულარულ მიმართულებებში თბილისი მეორე ქალაქია

ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის პირველი 4 თვის პოპულარულ მიმართულებებს შორის თბილისი მეორე ადგილზეა. ინფორმაცია აეროპორტის ვებგვერდზე ვრცელდება.

კერძოდ, პოპულარული საერთაშორისო მიმართულებების ქალაქებიდან თბილისი სტამბოლს მოსდევს და თურქეთის სხვა, ასევე, რუსეთის, გაერთიანებული საემიროებისა და სხვა ქვეყნების ქალაქებს უსწრებს.

ქალაქების ტოპ 10-ეული, სადაც მიმდინარე წლის პირველ ოთხი თვეში ბაქოს აეროპორტიდან ყველაზე მეტი რეისი შესრულდა:

  • სტამბოლი (თურქეთი)
  • თბილისი (საქართველო)
  • დუბაი (საემიროები)
  • აბუ-დაბი (საემიროები)
  • მოსკოვი (რუსეთი)
  • ანკარა (თურქეთი)
  • სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი)
  • დელი (ინდოეთი)
  • დოჰა (ყატარი)
  • შარჯა (საემიროები)

ამ მარშრუტებზე 1,178 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს ავიაკომპანიებმა, როგორიც არის AZAL, Turkish Airlines, Ajet, Aeroflot, Rossiya Airlines, Air Arabia, Wizz Air Abu Dhabi, FlyDubai, Georgian Wings, Indigo, Qatar Airways და სხვ. ამასთან, ბაქოს აეროპორტიდან რეისების მქონე ავიაკომპანიების რაოდენობა 29-დან 34-მდე გაიზარდა, საიდანაც 14 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ამ ავიაკომპანიებმა მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში 8,494 რეისი შეასრულეს.

რაც შეეხება მგზავრთა რაოდენობას, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ბაქოს აეროპორტი 41,3%-ით მეტ, ანუ 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. მხოლოდ აპრილში აეროპორტი 570 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც შარშანდელ აპრილზე 50%-ით მეტია, როცა რაოდენობა 379 ათას მგზავრს შეადგენდა.

ამასთან, გაიზარდა ტრანზიტული მგზავრების რაოდენობაც. კერძოდ, გასული წლის აპრილთან შედარებით ტრანზიტულ მგზავრთა რაოდენობა 85%-ით გაიზარდა და 28 ათას ადამიანს მიაღწია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ