გლობალური ვალი რეკორდულ ნიშნულზეა - რამდენია საქართველოს საგარეო ვალი

გლობალური ვალი რეკორდულ დონემდე, 315 ტრლნ დოლარამდე გაიზარდა. მონაცემებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი (IIF) ავრცელებს. მხოლოდ პირველ კვარტალში მსოფლიო ვალი 1,3 ტრლნ დოლარით გაიზარდა.

მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების კვალდაკვალ, საგარეო ვალდებულებები ეზრდება საქართველოსაც. კერძოდ, სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს, როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის ვალი 24 172 488 600 დოლარს შეადგენს. ეს კი ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 605.263 მლნ დოლარით მეტია, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საგარეო ვალდებულებების მოცულობა 23 567 225 300 დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ვალის მოცულობაში სამთავრობო სექტორის წილი თითქმის 36%-ს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 661 470 000 დოლარს შეადგენდა, აქედან ეროვნული ბანკის იყო 874 123 400 დოლარი.

ამასთან, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბანკების საგარეო ვალდებულებები შეადგენდა 7 262 504 100 დოლარს; სხვა სექტორების - 4 645 097 100 დოლარს; არასაბანკო საფინანსო კორპორაციების - 140 890 700 დოლარს და ა.შ.

რაც შეეხება ბოლო სტატისტიკურ მონაცემებს, ის მხოლოდ სამთავრობო ვალის მოცულობასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა და 2024 წლის მარტის მდგომარეობას ასახავს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მარტში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.722 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 249.843 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2023 წლის მარტის მდგომარეობით, ვალის მოცულობა 8.473 მლრდ დოლარი იყო.