თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი გახდა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი იქნება.

მერიის ინფორმაციით, თანხა აუნაზღაურდებათ სახელმწიფო ბაგა-ბაღებში დასაქმებულ იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც ამ განკარგულების მიღების მომენტისთვის უკვე იმყოფებიან დეკრეტულ შვებულებაში.

შრომის კოდექსის მიხედვით, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 6 თვით განისაზღვრება და მაქსიმალური ანაზღაურება 1 000 ლარია, გარდა საჯარო სამსახურისა, სადაც ანაზღაურებადია 6 თვის პერიოდი. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები არიან არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირის (ა(ა)იპ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულები, რომლებზეც არ ვრცლდება 6 თვის ანაზღაურების ვალდებულება და დამატებითი ანაზღაურება შესაძლებელია დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმებით. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, საჯარო ბაგა-ბაღში დასაქმებულ ადამიანებს 1 000 ლარის გარდა 6 თვის განმავლობაში მიეცემათ დეკრეტული შვებულების თანხა თვიური ხელფასის ოდენობით, ისევე, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას თქმით, სააგენტოს ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი ბაგა-ბაღში დასაქმებულ ადამიანთა შრომითი პირობების გაუმჯობესებაა. "გასულ წლებში, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში მომუშავე თანამშრომლების დეკრეტული შვებულების ანაზღაურება დადგენილებით არ იყო განსაზღვრული და შესაბამისად, ამ პროცესს არ ქონდა სავალდებულო სახე. ჩვენი თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და ასევე, დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობის მიზნით მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება. მით უმეტეს, რომ ჩვენს სისტემაში დასაქმებულ ადამიანთა უმეტესობა მდედრობითი სქესისაა", - განაცხადა თორდინავამ.