ადვოკატი - უჩა აბაშიძე დაკავებას მის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს

დაკავებული სამხედრო ექსპერტის, უჩა აბაშიძის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ დიღმის სამმართველო დატოვა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, უჩა აბაშიძეს ბრალი ჯერ არ წარდგენია და საქმის მასალებიც მისთვის არ გადაუციათ.

"მივაწოდე ინფორმაცია, რომ შსს-სა და პროკურატურას ვთხოვე მასალების გადმოცემა, თუმცა გამომძიებელმა მითხრა, რომ მათ გონივრულ ვადაში გადმომცემენ . კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადმომეცეს მტკიცებულებები, რომლებიც აქვთ და რომლებსაც სასამართლოში გამოიყენებენ. საქმის მასალები არ გვაქვს, ბრალი წარდგენილი არ არის, თუმცა ბრალდებულად ითვლება. რა იარაღებიც ამოიღეს, ის კანონიერად აქვს დარეგისტრირებული. დანარჩენი "airsoft"-ის იარაღებია, რომლის ქონაც არანაირი პრობლემა არ არის. ეს არის გასართობი თოფი. ექსპერტიზის პასუხიც ჯერ კიდევ არ არის"- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე შეფასებით, ბრალდებული დაკავებას ბოლო პერიოდში მის აქტიურობას უკავშირებს.

მისივე განცხადებით, დაკავებულთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელიც არის შესული, რომელიც საქმის მასალებს სწავლობს.

"თვითონ დაკავებას, თავის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. დაზიანებებზე არ უსაუბრია, ახლაც მასთან იმყოფება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი. როგორც ჩანს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი უჩასთან სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ მივიდა, თუმცა აღნიშნულმა უწყებამ დაიწყო თუ არა გამოძიება, ჯერ ცნობილი არ არის", - განაცხადა უჩა აბაშიძის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.