სალიბაურის სკოლა-პანსიონიდან ვადაგასული სურსათი ამოიღეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #2 საჯარო სკოლა-პანსიონში ვადაგასული სურსათი გამოავლინა.

აღნიშნულ სკოლა-პანსიონში მოსწავლეებმა სავარაუდოდ, საკვებისმიერი ინტოქსიკაცია მიიღეს, რის შესახებაც სააგენტოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.  "სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ვითარება ადგილზე შეისწავლეს. მონიტორინგის შედეგად სკოლა-პანსიონში გამოვლინდა ვადაგასული სურსათი - 165 ცალი კვერცხი და 5 კილოგრამი სპრედი, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება; ასევე აიღეს არაჟნის ნიმუშები, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა", - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე განმარტებით, დოკუმენტური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სოფელ სალიბაურის #2 საჯარო სკოლა-პანსიონს სურსათით ამარაგებს ფონდი "ვიქტორია", რომელიც ბიზნესოპერატორად არ არის დარეგისტრირებული, რის გამოც იგი 500 ლარით დაჯარიმდა.