„ჩვენი მოწოდება აშშ-ის მიმართ, უზრუნველყოფილი იყოს ვიზალიბერალიზაცია, პირდაპირი ფრენები“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართავს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია და პირდაპირი ფრენები უზრუნველყოს, ევროკავშირს კი მოუწოდებს, საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას.

როგორც პრემიერმა თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე, საქართველოს აღნიშნულ ორ პარტნიორთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ითხოვს მეტ ურთიერთობას და უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

„ჩვენი თხოვნაა, მოწოდება, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ვიზალიბერალიზაცია, დარწმუნებული ვარ, ეს არ დაამძიმებს ამერიკის შეერთებულ შტატებს; ასევე ხელი მოეწეროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას; უზრუნველყოფილი იყოს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენი მოწოდებაა, გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან დეკემბერში, როდესაც გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.

ჩვენი პოზიცია ნათელია, ვითხოვთ მეტ ურთიერთობას, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, თუმცა არის გარკვეული თავშეკავებული პოზიცია, რასაც შეიძლება ჰქონდეს თავისი მიზეზები, თუმცა ამას ვერ ვუწოდებთ ანტიქართულ განწყობას. პირიქით გვაქვს აბსოლუტურად ღია პოლიტიკა, გვაქვს მზაობა, რათა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს; საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. რაც მეტი ნაბიჯი გადმოიდგმება იქითა მხრიდან, მით უკეთესი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.