"ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია მოქმედებს, მისი პოზიციაა, რომ სადაც ქვეყანას პოზიციების დაცვა ჭირდება, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება"

ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას დასავლელი პარტნიორების მხრიდან დასანქცირების შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ფაქტობრივად უკვე დასანქცირებულია, თუმცა „სადაც ქვეყანას პოზიციების დაცვა ჭირდება, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება“.

„ჩვენ ასეთი შანტაჟი და მუქარა გვესმის უკვე რამდენიმე წელია, ხან ერთი სუბიექტის მხრიდან, ხან მეორე, ხან მესამე. აქეთ რუსეთი გვაშანტაჟებს, იქით კონკრეტული პოლიტიკოსები დასავლეთში გვაშანტაჟებენ. მიჩვეული ვართ ჩვენ ამ ყველაფერს. ეს გრძელდება უკვე წლებია, მაგრამ სადაც ხარ მართალი და სადაც ხარ მყარად შენს პოზიციაში და ღირსებაში, იქ ბოლომდე მიაღწევ შედეგს შენი ქვეყნისთვის. ასე მოხდა ზუსტად შარშან დეკემბერში. იქაც იყო შანტაჟი, მუქარა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივაღწიეთ შედეგს.

მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია მოქმედებს. რეალურად 2008 წელს დაიწყო მისი ანგარიშის ძარცვა, თუმცა რაც იყო დარჩენილი, ის თანხები ერიცხებოდა და ომის დაწყებისთანავე ამ თანხების გადმორიცხვაც შეუჩერდა. მისი პოზიცია არის ცხადი, სადაც ქვეყანას პოზიციების დაცვა ჭირდება, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება შანტაჟის მიხედვით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.