ბარსელონაში ელექტრომობილებს რობოტები დამუხტავენ

ბარსელონას ავტოსადგომებზე მობილური რობოტი გამოჩნდა, რომელიც ელექტრომობილებს მუხტავს. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

რობოტის წყალობით ელექტრომობილის დამუხტვა მხოლოდ სპეციალურ სლოტებში კი არა, პარკირების ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი.

რობოტი, ZiGGY-ი ავტოსადგომზე ბორბლებით გადაადგილდება, ხოლო მისი სერვისი მანქანის მფლობელმა მობილური აპლიკაციის საშუალებით წინასწარ უნდა დაჯავშნოს. შეკვეთის შემდეგ რობოტი უფასო პარკირების ადგილს კლიენტისთვის საჭირო დროს დაიკავებს და იქ დაელოდება.

სამომავლოდ რობოტი იმ ავტოსადგომებზეც გამოჩნდება, სადაც დასამუხტი სადგურების მოწყობა ტექნიკურად ვერ ხერხდება.

ინოვაციის მიზანია, დამტენი სადგურების ნაკლებობის პრობლემა მოაგვაროს, რომ ელექტრომობილები ტრანსპორტის უფრო მოხერხებულ საშუალებად იქცეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ