გერმანია ჩინეთზე დამოკიდებულებას ამცირებს? - Reuters

“სავაჭრო მოდელები იცვლება და გერმანია ნაკლებად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე” - ამის შესახებ Reuters წერს.

წლების განმავლობაში ჩინეთი გერმანიის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, შეერთებული შტატები პირველ ადგილზე ინაცვლებს. 2024 წლის იანვარსა და მარტს შორის მთლიანი ვაჭრობა (იმპორტი და ექსპორტი ერთად) გერმანიასა და აშშ-ს შორის 63 მილიარდი ევრო იყო (68 მილიარდი დოლარი), ოდნავ მეტი ვიდრე გერმანიასა და ჩინეთს შორის ვაჭრობა, რომელიც სულ რაღაც 60 მილიარდ ევროს შეადგენდა.

ამ ცვლილებას რამდენიმე მიზეზი აქვს. კერძოდ, ის რომ აშშ-ს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ისინი უფრო მეტ გერმანულ პროდუქტს ყიდულობენ. ჩინეთის ეკონომიკას კი ასეთ ტემპი არ აქვს, ამიტომ უწევთ ნაკლები გერმანული პროდუქცია შეიძინონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩინეთი უკვე თავად ამზადებს ზოგიერთ პროდუქტს, რომელსაც ადრე გერმანიისგან ყიდულობდა, მაგალითად როგორიცაა მანქანები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო გერმანიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აშშ ყოველთვის იყო უფრო დიდი ბაზარი გერმანული ექსპორტისთვის. ბოლო დროს, გერმანიის ექსპორტი ჩინეთში მცირდება, ხოლო ექსპორტი აშშ-ში მზარდია.

ერთის მხრივ, გერმანია ასევე ცდილობს შეამციროს ჩინეთზე დამოკიდებულება. ისინი კომპანიებს სთხოვენ, ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული ჩინეთზე თავიანთი ბიზნესებით. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას ჯერ კიდევ სურს ჩინეთთან მუშაობა, ბოლო დროს მათ შორის უფრო მეტი დაძაბულობაა, განსაკუთრებით ვაჭრობის თვალსაზრისით.

როგორც ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, უფრო ნაკლები გერმანული კომპანია ფიქრობს, რომ მათ ჩინეთი თავიანთი ბიზნესისთვის სჭირდებათ. IFO Institute-ის კვლევის თანახმად, დღეს კომპანიების მხოლოდ 37% თვლის თავს ჩინეთზე დამოკიდებულად, როცა 2022 წლისთვის ანალოგიური მაჩვენებელი 46% იყო. ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ ნაკლები კომპანია ეყრდნობა ნაწილების ან მასალების ნაკადს ჩინეთიდან.

ფაქტი ერთია, აშშ გერმანიის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი გახდა, სავაჭრო მოდელები იცვლება და გერმანია ნაკლებად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე.

BGA სავაჭრო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, თუ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ნოემბრის არჩევნების შემდეგ შეიცვლება და უფრო მეტად გადავლენ ბაზრების დახურვის მიმართულებით, ეს პროცესი შეიძლება შეჩერდეს.

ერთი რამ ცხადია, გერმანიის ეკონომიკური მოდელი გამოწვევების წინაშე დგას გლობალური ეკონომიკური პრობლემების გამო. როგორც ჩანს, ცვლილებებს ადგილი აქვს, როგორც პოლიტიკის, ისე სხვა მიზეზების გამო. ეს ცვლილება აშორებს გერმანიას ჩინეთისგან და აახლოებს ატლანტის ოკეანის მიღმა მყოფ შეერთებულ შტატებთან.

ავტორი: თორნიკე მაისაშვილი