სტრატეგიული რეზერვები, რომელიც საქართველოს არ გააჩნია

„საქართველოს არ გააჩნია ნედლი ნავთობის რეზერვი და რაც ყველაზე ცუდია, არ გაგვაჩნია ნორმალური სიმძლავრეები ნედლი ნავთობის გადასამუშავებლად“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ საბუნებისმეტყველო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე თვალჭრელიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მსოფლიოში 130 ქვეყანას შორის, რომელსაც აქვს ნედლი ნავთობის რეზერვები, საქართველო არ მოიაზრება.

„იყო გეგმები ამ საკითხზე, მაგრამ ყველაფერი ქაღალდზე დარჩა, მაგრამ ეს მიმართულება ქვეყნისთვის ძალიან აუცილებელია. არ შეიძლება ქვეყანა, რომელიც ფიქრობს უსაფრთხოებაზე, არსებობდეს ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გარეშე“ - განაცხადა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.

აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულების საკითხსაც შეეხო.

„თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის დროს რუსეთში არ ყიდულობდნენ ხორბალს, 12 მილიონი იყო მაშინ საქართველოს მოსახლეობა, მაგრამ თავის თავს ძალიან კარგად არჩენდა. ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება მეტი ქართული ხორბალი მოვიყვანოთ“ - განაცხადა მან.

ეკა დარჩიაშვილი