თბილისის ზოომაღაზიიდან დაურეგისტრირებელი პრეპარატი ამოიღეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის ზოომაღაზიიდან დაურეგისტრირებელი პრეპარატი ამოიღო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თბილისის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ვეტერინარული აფთიაქების სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ერთ-ერთი ზოომაღაზიიდან დაურეგისტრირებელი პრეპარატი ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, ი.მ. "ირინა უსოიანი" კუთვნილ ზოომაღაზიაში ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატ "მისტერ ზოოს" რეალიზაციას სარეგისტრაციო დოკუმენტის გარეშე ახდენდა.

უწყების ცნობით, მაღაზიაში გამოვლინდა სხვა დარღვევაც, კერძოდ, არ ჰყავდათ ვეტერინარი ექიმი. დაურეგისტრირებელი პრეპარატის რეალიზაციის გამო, საქართველოს კანონის "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 71-ე მუხლის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდა და დაევალა აღნიშნული პრეპარატის ქსელიდან ამოღება და სააგენტოს წარმომადგენლის ზედამხედველობით განადგურება.