საქართველომ რუსული არყის უმსხვილესი იმპორტიორების ათეულიდან Top-5-ში გადაინაცვლა

საქართველო რუსული არყის უმსხვილესი იმპორტიორების 2023 წლის წამყვან ხუთეულშია. მონაცემებს „რია ნოვოსტი“ ღია სტატისტიკური მონაცემების გამოთვლის საფუძველზე ავრცელებს.

კერძოდ, საქართველომ რუსეთიდან 3,9 მლნ დოლარის არაყი შეიძინა, რითიც ქვეყანა ტოპ 5-ეულში მეოთხე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ანალოგიური მაჩვნებელით 2022 წელს მექვსე ადგილს იკავებდა და წელს ორი საფეხურით სასანქციე აკრძალვის გამო იმპორტიდან დასავლური ქვეყნების ამოვარდნის შედეგად დაწინაურდა. კერძოდ, 2022 წელს საქართველოს წინ უსწრებდა აშშ 5 მლნ დოლარის შესყიდვითა და შემდეგ დიდი ბრიტანეთი 5,5 მლნ დოლარის იმპორტით.

გასული წლის ლიდერი ყაზახეთია, რომელმაც რუსეთის მიერ საზღვარგარეთ გაყიდული მოცულობის, თითქმის, ნახევარი, 27,9 მლნ დოლარის არაყი შეიძინა. ამით ყაზახეთმა რუსული არყის უმსხვილესი იმპორტიორების სიაში გასული წლის პირველი ადგილი შეინარჩუნა, თუმცა, 2022 წელთან შედარებით, რაოდენობა 26%-ით შემცირდა.

მეორე ადგილზე ისრაელია, რომელმაც, პირიქით, იმპორტი გაზარდა და გასული წლის მესამე ადგილიდან დაწინაურდა. ერთი წლის განმავლობაში ქვეყანამ რუსული არყის შესყიდვა 42%-ით, 12 მლნ დოლარამდე გაზარდა.

მესამე ადგილზე 4,5 მლნ დოლარის მოხმარებით სომხეთია იმის მიუხედავად, რომ ქვეყანამ წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი მესამედით შეამცირა.

საქართველოს შემდეგ, ანუ მეხუთე ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც რუსეთიდან 3,5 მლნ დოლარის არაყი შევიდა.

საერთო ჯამში, 2023 წელს რუსეთმა საზღვარგარეთ 59,7 მლნ დოლარის ღირებულების არაყი გაყიდა, თუმცა 2022 წელს რუსული არყის ექსპორტი შესამჩნევად ჭარბობდა და 141,7 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს, ძირითადად, ევროპელი მყიდველების შედეგად იყო განპირობებული. მაგალითად, 2022 წელს რუსული არყის უმსხვილეს მომხმარებლებს შორის იყვნენ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ლატვია, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. თუმცა შემდგომი დასავლური სანქციების პაკეტის ფარგლებში რუსული არყის იმპორტი აიკრძალა და მოცულობაც, თითქმის, 3-ჯერ დაეცა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ