„ტურისტებმა იციან, რომ მათ არაფერი ემუქრებათ“ - როგორია გასტრო-ტურიზმზე მოთხოვნა

საქართველო უცხოელ ტურისტთა შორის არაერთი მიმართულებით დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბოლო რამდენიმე წელია საკმაოდ აქტუალურია გასტრო-ტურიზმის მიმართულება. იმ ფონზე, როცა მიმდინარე პერიოდში ზამთრის კურორტებზე სეზონი დასრულებულია და ზაფხულის საკურორტო სეზონი ჯერჯერობით არ დაწყებულა, უცხოელი დამსვენებლები საქართველოში ძირითადად ინტერესდებიან გასტრო-ტურიზმით, ღვინისა და საკვების დეგუსტაციით.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ფონზე, ტურისტების რაოდენობა ხომ არ შემცირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ რესტორატორი გურამ ბაღდოშვილი აცხადებს, გასული წლიდან მოყოლებული დღემდე კონკრეტულად მის რესტორნებში გასტრო-ტურიზმზე მოთხოვნა სტაბილურია.

მისი თქმით, შესაძლოა, მცირე ცვლილება ჰქონდეს იმ რესტორატორებს, რომლებსაც ობიექტები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ აქვთ.

„გასტრო-ტურიზმთან მიმართებაში მე პირადად არანაირი ცვლილება არ მაქვს. რუსთაველზე ცენტრში, ვისაც აქვს რესტორანი, შესაძლოა, მათ ჰქონდეთ ტურისტების კლება. ზოგადად, სტაბილურად არის ტურისტების რაოდენობა, დიდი ცვლილება არ გვაქვს ამ კუთხით წინა წელთან შედარებით. იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ქვეყანაში, შესაძლოა, მცირე ცვლილებაა ახლა, მაგრამ ძირითადად ტურისტები დადიან და იციან, რომ მათ არაფერი არ ემუქრებათ“, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

რაც შეეხება მოთხოვნას, ბაღდოშვილის თქმით, ტურისტების უდიდესი ნაწილი დაინტერესებულია ქართული ღვინის დეგუსტაციით.

„ძირითადად ღვინო გასტრო-ტურიზმი აინტერესებთ. ღვინით, საჭმლითა და ბუნების დათვალიერებით არიან ტურისტები დაინტერესებულები, მით უმეტეს, რომ გაზაფხულზე ვერც მთას შესთავაზებ და ვერც ზღვას“, - დასძინა ბაღდოშვილმა.

ქვეყნების მხრივ საქართველოში გასტრო-ტურიზმის მხრივ ყველაზე დიდია დაინტერესება სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან და ესპანეთიდან.

„მოთხოვნა არის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ბელგიიდან. ბელგიიდან იმიტომ, რომ რამდენიმე გადაცემა ჩავწერე ბელგიის ტელევიზიაში. ასევე, ძალიან ბევრი მომხმარებელი მყავს ესპანეთიდან ყოველთვის, რუსებს აღარ ვთვლი მე...“, - აღნიშნავს ბაღდოშვილი.

შეგახსენებთ, 13 მაისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს. კომიტეტის სხდომას მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატები ესწრებოდნენ და სხდომა 67 წამში დასრულდა.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო, მესამე მოსმენა კი ხვალ, 14 მაისს ჩაინიშნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტის განხილვები კი, ისევ ხმაურის, დაპირისპირების, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარების კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს.

მერი ტაბატაძე