თურქეთი კრიპტოვალუტის ბაზრის სრულ რეგულირებას გეგმავს

თურქეთის პარლამენტში შემუშავდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, კრიპტოვალუტა კაპიტალის ბაზრების საბჭოს მარეგულირებელ და საზედამხედველო სფეროს დაემატება, ხოლო კრიპტოვალუტის შესყიდვა-გაყიდვაზე გადასახადი დაწესდება. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი, TGRT ავრცელებს.

კანონპროექტი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარეს ერთი კვირის განმავლობაში წარედგინება.

თურქეთში კანონის ინიცირება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ფინანსური სამუშაო ჯგუფის (FATF) კრიტიკის აღმოფხვრის ფარგლებში შეიქმნა, რომ FATF-მა ქვეყანა „ნაწილობრივ შესაბამისობაში მყოფთა“ კატეგორიაში დატოვოს.

წინადადება მიზნად ისახავს, საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, შეამციროს მხარეთა რისკები, რომლებიც თურქეთში კრიპტოაქტივებს ახორციელებენ, ასევე, მოიცავს კაპიტალის ბაზრების საბჭოს რეგულაციებს, რომელიც ფართოდ განსაზღვრავს კრიპტოაქტივებსა და ლიცენზირებას იმ პლატფორმებზე, რომლებზეც ისინი ვაჭრობენ.

კანონპროექტი მარეგულირებელ საბჭოს საშუალებას აძლევს, უფლება მისცეს ადამიანებს, რომლებიც ავითარებენ ბლოკჩეინსა და მსგავს ტექნოლოგიებს, გაყიდონ ან გაავრცელონ კრიპტოაქტივები, რომელთა ღირებულებაც ამ ტექნოლოგიებისგან არ უნდა განცალკევდეს, ასევე, დაწესდება ავტორიზაციის მოთხოვნები.

ამასთან, ჯარიმებისა და ნებართვების სახით სადამსჯელო ღონისძიებები წესდება.

დადგენილება მიზნად ისახავს ამ პროცესში თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს ჩართვას, რითიც ბლოკჩეინის შესაქმნელად პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ინსტრუმენტების განვითარება წახალისდება.

ამდენად, თურქეთის ხელისუფლება გეგმავს, მთელი კრიპტოსფერო ქვეყნის წინაშე ანგარიშვალდებული გახადოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ