„კანონის მიღების აუცილებლობას ვერ ვხედავ - თუ რაიმე უკანონობა ხდება, ამისთვის უკვე გვაქვს კანონი“

„საერთოდ არ იყო ეს კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] საჭირო“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა დაებრუნებინათ. კოკაიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში, თუ რაიმე უკანონობა ხდება, არსებობს შესაბამისი კანონი და მის ფარგლებში უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები.

„ჩემი პოზიცია ის არის, რომ საერთოდ არ იყო ეს კანონი საჭირო. ვერანაირად ვერ ვხედავ მიზეზს ამის ხელახლა ინიცირების. თუ რაიმე საშიშროება და უკანონობა ხდება, ჩემი აზრით, ამისთვის უკვე გვაქვს კანონი და უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები მის ფარგლებში. რაიმე მიზეზი ვერ დავინახე, რის გამოც აუცილებელი იყო კანონის მიღება, მე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ“, - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

კითხვაზე, აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში, როგორი იქნება ტურისტულ სექტორზე ეფექტი, კოკაიას განმარტებით, ეს დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე, კერძოდ, მისი თქმით, დაპირისპირების გამწვავების შემთხვევაში ნეგატიური იქნება გავლენა როგორც ტურისტულ ინდუსტრიაზე, ისე ეკონომიკაზე.

„ეს ყველაფერი ძალიან რთული სათქმელია, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, თუ იქნება არეულობა, რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება როგორც ტურიზმზე, ისე მთელ ეკონომიკაზე, არავის არ აწყობს არეულობა ქვეყანაში. მეორე დამოკიდებულია იმაზე, კანონი თუ მიიღეს, როგორი ეფექტი ექნება ზოგადად პოლიტიკაზე, ამიტომ წინასწარ მიჭირს იმის თქმა, თუ რა შედეგი ექნება - უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. იმედია მშვიდობა იქნება ქვეყანაში“, - განაცხადა კოკაიამ.

შეგახსენებთ, 13 მაისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს. კომიტეტის სხდომას მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატები ესწრებოდნენ და სხდომა 67 წამში დასრულდა.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო, მესამე მოსმენა კი ხვალ, 14 მაისს ჩაინიშნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტის განხილვები კი, ისევ ხმაურის, დაპირისპირების, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარების კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს.

მერი ტაბატაძე