McDonald's რესტორნებში კლიენტების დასაბრუნებლად მენიუს აიაფებს

ამერიკული McDonald's მენიუში 5-დოლარიანი კომბოს დამატებას გეგმავს, რომ ვიზიტორთა გადინება შეამციროს და კლიენტები რესტორნებში დააბრუნოს. ინფორმაციას CBS News ავრცელებს.

წყაროს ცნობით, McDonald's-ის კორპორატიული ოფისების ხელმძღვანელები ფრენჩაიზების მფლობელებთან ახალი დაბალფასიანი კერძების დანერგვის შესახებ მოლაპარაკებებს მართავენ. იაფ მენიუში შესაძლოა, შევიდეს McChicken, McDouble ან ოთხნაწილიანი ქათმის ნაგეთსი კარტოფილ “ფრისთან” და სასმელთან ერთად.

დაბალბიუჯეტიანი კომბოს გამოშვებაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მენიუზე ფასების ზრდის გამო რესტორნებში დასწრება შემცირდა.

პერსონალური ფინანსური მონაცემების ვებგვერდ FinanceBuzz-ის თანახმად, McDonald's-მა აშშ-ში ბოლო ათი წლის განმავლობაში სწრაფი კვების ქსელებს შორის მენიუს ფასები ყველაზე მეტად გაზარდა. კომპანია პროდუქციის გაძვირებას მუშახელისა და ინგრედიენტების ხარჯის ზრდას უკავშირებს.

საკონსულტაციო კომპანია Revenue Management Solutions-ის იანვრის გამოკითხვის მონაცემებით, ადამიანების, დაახლოებით, 25%, რომლებიც 50 000 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, სწრაფი კვების მოხმარებას გაზრდილი ფასების გამო ამცირებენ.

McDonald's-ის აღმასრულებელ დირექტორ კრის კემპჩინსკიმ ინვესტორებს განუცხადა, რომ კომპანია უნდა იყოს „ლაზერით ორიენტირებული“ ფასების ხელმისაწვდომობაზე, რომ მომხმარებლები დაბრუნებაში დაარწმუნოს.

“მომხმარებლები კიდევ უფრო დისკრიმინაციული ხდებიან თითოეული დოლარის მიმართ, რომელსაც ხარჯავენ, რადგან ყოველდღიურ ხარჯში გაზრდილ ფასებს აწყდებიან, რაც ზეწოლას ახდენს ინდუსტრიაზე. აუცილებელია, ხელმისაწვდომობა წინა პლანზე შევინარჩუნოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის,” - ამბობს კემპჩინსკი.

ამასთან, სექტორული ანალიტიკოსები გაფრთხილებას იძლევიან, რომ შემოსავლისა და მოგების პროგნოზების შესასრულებლად სწრაფი კვების ქსელებს დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებლების მიზიდვა სჭირდებათ.

ცნობისთვის: 2015 წლიდან Wendy's-მა წარადგინა მენიუ, „ოთხი 4 დოლარად,“ რომელიც პატარა ბურგერს, ოთხნაწილიან ქათმის ნაგეთსს, კარტოფილ “ფრისა” და სასმელს შეიცავს, ხოლო 2019 წელს რესტორანმა 5 დოლარად თავისი Biggie Bag დაამატა, რომელიც სენდვიჩს შერჩევით, ქათმის ოთხ ნაგეთს, კარტოფილ “ფრისა” და პატარა სასმელს შეიცავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ