„მოგვიწევს, შევწყვიტოთ ამ მიმართულებით მუშაობა“ - სტატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი

„სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გაუმჯობესება თუ უცხოური ინტერესების გატარებას ნიშნავს, მაშინ რაზეა საერთოდ საუბარი?“ - რა გავლენა ექნება სურსათის უვნებლობაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „სტატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორმა, ვახტანგ კობალაძემ ისაუბრა.

ვახტანგ კობალაძე: „სურსათის უვნებლობის რეფორმა საქართველოში 2010 წელს დაიწყო, როდესაც ასოცირების ხელშეკრულების პერსპექტივა გაჩნდა. სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დაიწყო ინტენსიური მუშაობა, გააქტიურდა სურსათის ეროვნული სააგენტო. 2014 წელს, ასოცირების შეთანხმების დადების შემდეგ, შეიქმნა საკანონმდებლო დაახლოების პროგრამა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად ხდებოდა ბევრი ნორმატიული აქტის მიღება, რომლითაც საქართველო ევროკავშირის კანონდმებლობას უახლოვდებოდა. ამას თან ახლდა სურსათის ეროვნული სააგენტოს რესურსებისა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი გაზრდა. ამ ყველაფერში დიდი რომლი შეასრულა ევროკავშირისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებამ და ეს პროცესი დღევანდელ დღემდე მიმდინარეობდა“.

ვახტანგ კობალაძის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება ევროპული გზიდან გადაუხვევს, ეს სურსათის უვნებლობაზეც აისახება.

„თამამად ვიტყვი, რომ ის, რაც საქართველოში სურსათის უვნებლობის მიმართულებით გაკეთდა, უმთავრესად ევროკავშირთან დაახლოების დამსახურება იყო. იგივე შემიძლია ვთქვა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის მიღებაზე. ასე რომ, თუ ქვეყნის პრიორიტეტი ევროკავშირთან დაახლოება აღარ იქნება, სურსათის უვნებლობა გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდება.

დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირისგან სახელმწიფო იღებს, კანონის მიღების შემთხვევაში, ცხადდება უცხოური გავლენის გამავრცელებად, შესაბამისად, ის დონორი ორგანიზაციები და ჩვენი მოკავშირე ქვეყნები აღარ იქნებიან მოტივირებულები, ისეთივე დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს, როგორც აქამდე. თუ საერთოდ არ შეუჩერეს ეს დახმარება“ - აცხადებს ვახტანგ კობალაძე.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად დარეგისტრირებას არ აპირებენ.

„ეს ნიშნავს აღიარებას, თითქოს წლების განმავლობაში უცხოურ ინტერესებს ვატარებდით. სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გაუმჯობესება თუ უცხოური ინტერესების გატარებას ნიშნავს, მაშინ რაზეა საერთოდ საუბარი?

მოგვიწევს, შევწყვიტოთ ამ მიმართულებით მუშაობა და გამოდის, რომ ერთი რგოლი, რაც არის აუცილებელი ნებისმიერი რეფორმის განხორციელებისას, ჩამოიშლება და შესაბამისად, სექტორი ამ მხრივაც სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება“ - აცხადებს ვახტანგ კობალაძე.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დღეს დაუჭირა. კომიტეტის სხდომა, პარლამენტთან მიმდინარე აქციის ფონზე გაიმართა.

ეკა დარჩიაშვილი