„ყველაფერი, რაც ხელს შეუშლის ქვეყნის განვითარებას, ამ კანონის ჩათვლით, ჩემთვის მიუღებელია“

„ყველაფერი რაც შეუშლის ხელს ქვეყნის განვითარებას, მდგრადობას და გამოიწვევს კონფლიქტს, ჩემთვის მიუღებელია, ამ კანონის [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] ჩათვლით“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ რესტორატორმა გურამ ბაღდოშვილმა განაცხადა.

ბაღდოშვილის თქმით, მმართველი გუნდის მიერ მეორედ დაინიცირებული კანონპროექტი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეაფერხებს.

„ეს კანონი არ არის საიმედო, ვინაიდან შეიძლება ამ კანონმა შემოიტანოს უფრო მეტი ნეპოტიზმი, მეტი ერთხმიანი გადაწყვეტილებები. ეს კანონი არ არის ჯანსაღი, ჯანსაღი რომ იყოს, ამხელა უარყოფითი გამოხმაურება არ მოჰყვებოდა. აქ უკვე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებაზე“ არ არის ლაპარაკი. ხალხი დგას ცვლილებებისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და თავისი მომავლისთვის. ეს არ არის ჯანსაღი კანონი იმისთვის, რომ დემოკრატიას და ქვეყნის განვითარებას ხელი მოუმართოს“, - აღნიშნავს ბაღდოშვილი.

კითხვაზე, რა გავლენა ექნება კანონის მიღებას გასტრო ტურიზმზე, ბაღდოშვილი პასუხობს, რომ აღნიშნული დააზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერ ბიზნესზე, მათ შორის გასტრო-ტურიზმზე.

„კანონი შეეხება ქვეყნის იმიჯს და ქვეყნის იმიჯი დიდ როლს თამაშობს არამარტო გასტრო-ტურიზმში, არამედ ნებისმიერ ბიზნესში. ადამიანების ის კატეგორია, რომელიც გვინდა, რომ საქართველოში იყოს და ასეთია ევროპელი ტურისტი, რომელიც ხარჯვისუნარიანია და რომელსაც შეუძლია ინვესტიციები განახორციელოს ქვეყანაში, შესაძლოა, არ ჩამოვიდეს. მაგრამ უფრო მგონია, რომ არ შეეხება ამ მიმართულებას იმიტომ, რომ ძირითადად ჩვენ დაკავებულები ვართ ქვეყნის ტურიზმის განვითარებით და ხელს როგორ შეუშლის ამის განვითარებას, ვერ გეტყვით - ღრმა პოლიტიკური საკითხებია. როგორც მოქალაქე, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ერთი თვეა დღე-ღამეს ათენებენ და იბრძვიან უკეთესი საქართველოსთვის“, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

შეგახსენებთ, 13 მაისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს. კომიტეტის სხდომას მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატები ესწრებოდნენ და სხდომა 67 წამში დასრულდა.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო, მესამე მოსმენა კი ხვალ, 14 მაისს ჩაინიშნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტის განხილვები კი, ისევ ხმაურის, დაპირისპირების, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარების კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს.

მერი ტაბატაძე