მასთან სანქციებით საუბარი არასდროს არის ეფექტური - ირაკლი ქადაგიშვილი ბიძინა ივანიშვილზე

ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მუქარის თუ სანქციების შიშის გამო, უარს იტყვის საქართველოზე, საქართველოს ინტერესების დაცვაზე, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ობრაიენი, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს, რის გამოც, მმართველი გუნდი კანონპროექტს შეარბილებს.

ქადაგიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ორი წელია, რაც არაფორმალურად სანქცირებულია და მას საქართველოს ინტერესებისთვის არასდროს უღალატია.

"ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი ყოველთვის იყო ერთი რამ - საქართველო არის სახელმწიფო და ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით, ყველას შესაბამისი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ასე რომ, სანქციებით ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არასდროს არის ეფექტური, თან, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში, იგი არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება და ერთხელ არ უღალატია თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის." - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.