ეს არის ფინანსური სანქციები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და არა მხოლოდ ივანიშვილის და მისი ოჯახისთვის - ნიკა გვარამია

მტრებს ექცევიან მტრულად. ბიძინა ივანიშვილი არის დემოკრატიული სამყაროს მტერი - ის უნდა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან. მას უნდა ეტკინოს. უნდა ეტკინოს საერთაშორისო დამოკიდებულებები და ეს დამოკიდებულებები არ უნდა შემოიფარგლოს პოლიტიკური განცხადებებით, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრამდე განაცხადა, რომელიც ოპოზიციას შეხვდება.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის „კომფორტზონა პოლიტიკური განცხადებებით ვერ გაირღვევა“.

„მტრებს ექცევიან მტრულად. ბიძინა ივანიშვილი არის დემოკრატიული სამყაროს მტერი პირდაპირი მნიშვნელობით. არის ჩვენი ქვეყნის მოღალატე. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის გამოვიდეს კომფორტის ზონიდან. მას უნდა ეტკინოს. უნდა ეტკინოს საერთაშორისო დამოკიდებულებები და ეს დამოკიდებულებები არ უნდა შემოიფარგლოს პოლიტიკური განცხადებებით. მისი კომფორტზონა პოლიტიკური განცხადებებით ვერ გაირღვევა. ეს არის ფინანსური სანქციები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მისთვის, მისი ოჯახის წევრებისთვის. მაგრამ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის. იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა პარლამენტში იღებენ საქართველოს დამაქცეველ კანონს. ასევე, იმ სამართალდამცავებისთვის, რომლებიც არბევენ ქართველ ახალგაზრდობას“, - განაცხადა გვარამიამ.