"ობრაიენთან შეხვედრაზე მთავარი გზავნილები იყო, რომ ამერიკა გვერდში დაუდგება ქვეყანას, მოქალაქეებს და არ მიატოვებს ქართულ დემოკრატიას":

მთავარი გზავნილები იყო, რომ ამერიკა გვერდში დაუდგება ამ ქვეყანას, მოქალაქეებს და ის არ მიატოვებს ქართულ დემოკრატიას, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ობრაიენისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება პროტესტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესახებ, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ჯერ კიდევ წინ არის ბრძოლა, რადგან ჯერ კიდევ წინ არის ვეტო“.

„დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი გზავნილები იყო, რომ ამერიკა გვერდში დაუდგება ამ ქვეყანას, მოქალაქეებს და ის არ მიატოვებს ქართულ დემოკრატიას. ეს არის ყველზე მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში, ამ კანონმა რა სიტუაცია შექმნა და რა არის გამოსავალი. დღეს საღამოს იქნება ბრიფინგი მედიისთვის და დეტალურად ისაუბრებს ყველაფერზე.

შეხვედრაზე ვეტოსთან დაკავშირებით არ გვისაუბრია. რაც შეეხება ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ არ შევიდეს შინაარსობრივ განხილვაში, სწორია. ამ კანონის სულისკვეთება თავიდან ბოლომდე არის რუსული. თითოეულ მუხლზე და სიტყვებზე საუბარი სასაცილოა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.