"ჯიმ ო'ბრაიენთან ორსაათნახევრიან შეხვედრაზე სანქციები ნახსენები არ ყოფილა"

აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით. ზოგადად, თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ პირობებში, ასეთი არასერიოზული თემების წამოწევა არის მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული, შემიძლია ცალსახად გითხრათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თქმითაც, თუ კანონი ამ სახით წაიწევს წინ და გაგრძელდება ძალადობა დემონსტრანტებზე, ამერიკის შეერთებული შტატები ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს ამაზე პასუხისმგებელ პირებზე.

კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აშშ-მ სანქციები დაუწესა ქართველ მოსამართლეებს, მხოლოდ ოფიციალური ვაშინგტონის რეპუტაცია დაზიანდა და ასევე მოხდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ სანქციები არავითარი ფორმით არ იყო ნახსენები ორსაათნახევრიან შეხვედრაზე, რომელიც შედგა ჩვენს შორის, რაც შეეხება ბრიფინგს, ეს ბრიფინგი მე მოვისმინე, თუმცა სანქციები ნახსენები არ იყო ორმხრივ შეხვედრაზე არავითარი ფორმით. ჩვენ გვქონდა განხილვა დე ფაქტო სანქციებზე, რომელიც არის დაწესებული უკვე ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თუმცა ფორმალურ სანქციებზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი ამ შეხვედრაზე. პრინციპში, თუ რაიმე განცხადება უნდა გაკეთდეს მოგვიანებით, სჯობს, რომ ორსაათნახევრიან შეხვედრაზე რაიმე მინიშნება მაინც მოგვცენ ამასთან დაკავშირებით. ეს ეტიკეტის საქმეა, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე, მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით. ზოგადად თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ პირობებში ასეთი არასერიოზული თემების წამოწევა არის მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული, შემიძლია ცალსახად გითხრათ.

პრაგმატულად მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი იქნება სანქციების დაწესება სანქციის დამწესებლისთვის - თქვენ გახსოვთ მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესდა ე.წ. სანქციები, სავიზო შეზღუდვები და ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია. ვერავითარი ზიანი ამან ვერ მიაყენა მოსამართლეებს, მაგრამ სერიოზულად დაზიანდა აშშ-ს რეპუტაცია, როდესაც ყოველგვარი მტკიცებულებების, დასაბუთების გარეშე დასანქცირდნენ მოსამართლეები, მაშინ როდესაც, მოსამართლე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყველაზე მკაცრად უნდა იყოს დაცული სანქციებისგან. შეილახა სერიოზულად აშშ-ს რეპუტაცია იმით, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ მოსამართლეებს. ასეთი არასერიოზული ნაბიჯი კიდევ ერთხელ თუ გადაიდგმება, ეს დააზიანებს არა სანქცირებულს, არამედ სანქციის დამწესებელს, იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენ არ გვინდა, რომ აშშ-ს რეპუტაცია დაზიანდეს და ჩვენი მოწოდებაა პარტნიორების მიმართ, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე. ეს, პირველ რიგში, სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი, ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კიდევ უფრო მეტად გამყარდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ“, - განაცხადა კობახიძემ.