რუსეთში მაისის სიცივემ შესაძლოა, ხორბლის გლობალური მარაგი შეამციროს

რუსეთში მაისის სიცივემ შესაძლოა, ხორბლის მარაგს საფრთხე მთელ მსოფლიოში შეუქმნას. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ საომარი მოქმედებებისა და მაისში ცივი ამინდის გამო ხორბლის მარაგი შესაძლოა მთელ მსოფლიოში შემცირდეს, რის გამოც ხორბლის გაძვირების რისკი არსებობს.

კერძოდ, მაისში ვორონეჟის, ლიპეცკისა და ტამბოვის ოლქებში ღამით, დაახლოებით, -5°C-მდე ყინვები დაფიქსირდა. უკრაინის ანექსირებულ ყირიმში, ისევე, როგორც ავსტრალიაში, პირიქით, ნალექის ნაკლებობაა. ასევე, გვალვა ემუქრება აშშ-ის ხორბლის მოსავალს.

ბრიტანული ანალიტიკური კომპანია CRM AgriCommodities-ის მმართველი დირექტორი, ჯეიმს ბოლსვორტი აცხადებს, რომ ”მოთხოვნა გაიზარდა, მარაგი მთელს მსოფლიოში შეზღუდულია, ხოლო ახალ მოსავალთან დაკავშირებით პრობლემები უარესდება.”

ცნობისთვის: 10 მაისს ხორბლის ფასი ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ვაჭრობის დროს ბუშელზე ერთბაშად 3,54%-ით, 6,6 დოლარამდე გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ