„უკვე აისახა საქართველოზე „რუსული კანონის“ შედეგი იმ მხრივ, რომ იმ ქართული კომპანიების აქციების ფასი, რომლებიც გასულები არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე, მცირდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების („საქართველოს ბანკის“ (BGEO), TBC PLC, „საქართველოს კაპიტალის” (CGEO)) აქციების ფასი დილიდან ეცემა. ბოლო მდგომარეობით, „საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ფასი 16.74%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 39.30 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. TBC PLC-ის აქციების ღირებულება 14.41%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 25.25 გირვანქა სტერლინგი ღირს. „საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 8.24%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.91 გირვანქა სტერლინგი გახდა.
როგორც კეპულაძემ განმარტა, ქართული კომპანიების აქციების ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მდგომარეობაა საქართველოში, რა სიტუაციაა ბაზარზე რისკებთან მიმართებაში და როგორია ინვესტორების მოლოდინები.
„უკვე აისახა საქართველოზე „რუსული კანონის“ შედეგი იმ მხრივ, რომ ქართული კომპანიები რომლებიც გასულები არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე, მათი აქციების ფასი ბოლო 3 კვირაში შემცირდა, სამწუხაროდ, ამ კომპანიის აქციების ფასი ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ფორმაშია საქართველოში. რა მდგომარეობაა და რამდენად რისკიანია ბაზარი“, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.
მისი თქმით, ინვესტორებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, დაინახეს რისკები და ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაიწყეს აქციების გაყიდვა, რამაც გამოიწვია ფასის შემცირება.
„დაინახეს რისკი ინვესტორებმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, დაიწყეს აქციების გაყიდვა და შესაბამისად, ფასიც შემცირდა. ასევე, ზოგადად რისკის მაჩვენებელი იზრდება, როდესაც ქვეყანაში არის არასტაბილური სიტუაცია ან ისმის საკმაოდ მკვეთრი განცხადებები ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო შეიძლება ჩამოშორდეს ევროპულ გზას. არ უკვე მხოლოდ კანონზე აღარ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეილახა და ამის გამოსწორებას დასჭირდება დრო და საკმაოდ დიდი რესურსი“, - დასძინა კეპულაძემ.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, გუშინ, 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ახლა ჯერი საქართველოს პრეზიდენტზეა, რომელიც აპირებს ვეტო დაადოს მმართველი პარტიის მიერ მიღებულ კანონს. არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ.
იხილეთ ასევე: ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა