სავალუტო ფონდი საქართველოს დოლარიზაციის შემცირებას და მცურავი კურსის შენარჩუნებას ურჩევს

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოხდეს დოლარიზაციის დონის შემცირება და მცურავი გავლითი კურსის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა განაცხადა.

აზიმ სადიკოვმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაცია გამართა.  როგორც სადიკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლარის გაუფასურება ორი ძირითადი ფაქტორით იყო გამოწვეული - დოლარის გამყარება გლობალურად და გარე ფაქტორები სამეზობლოდან. "საქართველოში ვალუტის გაუფასურება ძირითადად, გამოწვეული იყო ორი ფაქტორის გამო, პირველი ეს იყო დოლარის გამყარება გლობალურად და მეორე - გარე ფაქტორები სამეზობლოდან. რუსეთში, უკრანაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური უკუსვლა, რეცესია და ასევე ამ ქვეყნების ვალუტების გაუფასურება ახდენდა გავლენას საქართველოს ფულად ერთეულზე და კურსის გაუარესებაზე. ეს იყო ორი ძირითადი ფაქტორი - დოლარის გამყარება და მეზობელი ქვეყნების ეკონომიკის შენელება და მათი კურსის ვარდნა", - განაცხადა სადიკოვმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის არსებობას მიესალმება. "ქვეყანაში მივესალმებით მცურავი გაცვლითი კურსის არსებობას იმდენად, რამდენადაც ეს არის საშუალება, რაც შეიწოვს საგარეო შოკებს და მასში ხდება ამ შოკის აბსორბცია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საშუალებით გატარდეს გარე შოკი და არ მოხდეს მისი ასახვა რეალურ ეკონომიკაზე, თუმცაღა ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა ისეთი მაღალი დოლარიზაციის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუ ქვეყანას დოლარიზაციის დონე მაღალი არ აქვს, ადამიანი უყურებს თავის შემოსავალს ადგილობრივ ვალუტაში და არც აინტერესებს, როგორია გაცვლითი კურსი. ეს მასზე არ მოქმედებს. მაგრამ, როდესაც ადამიანს ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში, შემოსავალი კი ადგილობრივ ვალუტაში აქვს, რა თქმა უნდა, ეს მტკივნეულად გადააქვს, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში მოხდეს დოლარიზაციის დონის შემცირება და მცურავი გავლითი კურსის შენარჩუნება. ეს გამოწვევა საკმაოდ წარმატებით იქნა განხორციელებული ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა - ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, ლათინური ამერიკის ქვეყნები. ამის წარმატებული შემთხვევები არსებობს და მიგვაჩნია, რომ ეს საშუალება, რომ მცურავი კურსით მოხდეს შოკის გატარება და არ მოხდეს მისი ასახვა რეალურ ეკონომიკაზე, ძალინ მნიშვნელოვანია და ამითაა გამყარებული ჩვენი რეკომენდაცია", - განაცხადა სადიკოვმა.

პრეზენტაციას ეროვნული ბანკის, მთავრობის, ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.